FMCG ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.5%-იანი წილით - Galt & Taggart
2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 2023 წელს დაფიქსირებული 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა 2024 წელს.
ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500- მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა. რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს). ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება. 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი.
FMCG ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.5%-იანი, ხოლო მთლიანი ბაზრის 11.0%-იანი წილით. 2024 წელს, ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2024 წლის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.5%-ს იკავებს. მეორე ადგილზეა ორი ნაბიჯი, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე ნიკორა 16.4%-იანი წილით. ჯამში ტოპ-5 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 74.9%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 25.1% მოდის შედარებით მცირე ზომის 40-მდე კომპანიის მაღაზიებზე. თბილისსა და რეგიონებში წილობრივი გადანაწილება განსხვავებულია.
FMCG ბაზარი წლიურად საშუალოდ 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში, ჩვენი პროგნოზით. FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიის, გაყიდვების ფორმატების და ასორტიმენტის დივერსიფიკაციის და სხვა სტრატეგიული განვითარების ხარჯზე. ამასთან, ბრენდული ქსელების შემოსავლების მოსალოდნელი წლიური 15.0%-იანი ზრდა 2025-28 წლებში (+23.3%-იანი ზრდა 2021-24 წლებში), საბაზრო წილის მიმდინარე 40.4%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს, ჩვენი შეფასებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.