ფოთი - ჭადრაკის ქალაქი l საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
ფოთში ჭადრაკი უკვე ათწლეულებია ქალაქის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ფოთის ორგანიზებული საჭადრაკო ცხოვრება 1948 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში პირველი საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ამ ინტელექტუალური სპორტის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
მას შემდეგ თითქმის 80 წელი გავიდა, თუმცა ჭადრაკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალაქში დღემდე გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ფოთის საჭადრაკო ისტორიას.
ქალაქი დიდი საჭადრაკო ისტორიით
წლების განმავლობაში ფოთი არაერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო მოვლენის მასპინძელი ყოფილა. სწორედ აქ ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა, რომელშიც მსოფლიო ექსჩემპიონი მიხეილ ტალიც მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონის რანგში ქალაქს ნონა გაფრინდაშვილიც სტუმრობდა.
ფოთის საჭადრაკო ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ნანა ალექსანდრიას სახელი.
ფოთში დაბადებულმა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ჭადრაკის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 20 წლისთვის ის უკვე სამგზის ჩემპიონი იყო, მოგვიანებით კი ორჯერ იბრძოლა ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. ექვს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნანა ალექსანდრიამ გუნდთან ერთად ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახდა.
1987 წლიდან ფოთის საჭადრაკო კლუბი სწორედ ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს.
ტრადიცია, რომელიც ახალ თაობებში გრძელდება
ფოთის თითქმის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებების შესახებ არ გვიყვება. დღესაც ქალაქში ახალი თაობის მოჭადრაკეები იზრდებიან, სწავლობენ თამაშს, მონაწილეობენ ტურნირებში და საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ.
ჭადრაკი კი მათ გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე ფიგურების სწორად გადაადგილებაა - სტრატეგიულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღებას, მოთმინებასა და რამდენიმე სვლით წინ ხედვას.
სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციისა და ძლიერი საჭადრაკო კულტურის გამო, ფოთს საქართველოს საჭადრაკო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
მხარდაჭერა ქართული ჭადრაკის მომავლისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია. პარტნიორობის მიზანი ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა და ქალაქის მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელების ხელშეწყობაა.
ამასთან, საქართველოს ბანკი ფოთის ჭადრაკის ფესტივალის ფარგლებში ქართველ მოჭადრაკეებსაც უჭერს მხარს და ეხმარება მათ, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
ფოთში ჭადრაკის ისტორია კვლავ გრძელდება ახალი თაობებით და ახალი შესაძლებლობებით.
და, ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძლება ფოთს ჭადრაკის ქალაქი ვუწოდოთ - ქალაქი, სადაც თითქმის 80 წელია, ყოველი ახალი თაობა საკუთარ სვლას აკეთებს.
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
11.08.2026.17:49
ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.
ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.
მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.
დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.
ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.