ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით ბლოკ- მატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის - ლაშა აბაშიძე
„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკ- მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკ-მატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
„ბლოკ-მატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიების და ტერმინალების საქმიანობას. ბლოკ-მატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის - გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკ-მატარებელი ფოთი-ბაქო-ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.