FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია - არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
“FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე. მჯერა, რომ ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ინფორმაციისთვის, Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
31.07.2026.19:31
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც 530-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 300-ზე მეტი ქართველი იყო. ტურნირის ფარგლებში 22-მა ქართველმა მოჭადრაკემ 25 გამარჯვება მოიპოვა.
ფოთის საჭადრაკო კლუბისა და ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა. მონაწილეებმა სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში იასპარეზეს. ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახა. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბი 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით მონაწილეს მასპინძლობს.