„გაამოს“ – ორიგინალური ორცხობილების ბრენდი ქალების გაძლიერებისთვის
„გაამოს“ იდეა პინტერესტის სქროლვისას გაჩნდა, როცა რუტინული სამსახურიდან დაბრუნებულმა ნინო შოშიაშვილმა აპლიკაციაში ორიგინალური ორცხობილების ფოტოები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აეხდინა და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მისიაა მომხმარებლებს „აამოს“.
ახლახან ბრენდმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ამ ბლოგში კი ნინოს ბიზნესის იტორიასა და პროგრამაში მიღებულ გამოცდილებაზე გიამბობთ.
„საქმიანობა 2019 წელს, როგორც მოყვარულმა კონდიტერმა დავიწყე. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 100 ლარი იყო, რაც ინგრედიენტების, ფორმებისა და შესაფუთი მასალების შესაძენად გამოვიყენე. პროდუქციის დამზადება კი იუთუბის ვიდეორგოლებიდან ვისწავლე“, - იხსენებს ნინო შოშიაშვილი.
თავდაპირველად მარტო მუშაობდა, სახლიდან. მალე კი საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართო. მოგვიანებით საკონდიტროც გახსნა, სამუშაო და მომხმარებლების მისაღები სივრცეებით, სადაც მასტერკლასების ჩატარებაც დაიწყო.
2023 წელს ნინომ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო სწავლისა და განვითარებისთვის, ამიტომ აქტიურად ესწრებოდა საქართველოს ბანკის მასტერკლასებს მეწარმე ქალებისთვის.
„მალევე ფეისბუქიდან გავიგე, რომ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. მეგობარი მეწარმე ქალებისგან მსმენია ამ პროგრამის დადებითი მხარეების შესახებ. შევავსე განაცხადი და მეოთხე ნაკადშიც მოვხვდი“.
ისიც, როგორც სხვა ქალი მეწარმეები, საქმიანობაში გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა. შეხვედრია სტერეოტიპულ განწყობებსაც. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ნინომ საკუთარი ბიზნესი სხვა ქალების გასაძლიერებლად გამოიყენა.
„ბევრი ქალი უარს ამბობს კარიერაზე ან მცირე მიღწევებით შემოიფარგლება. მაშინ, როდესაც ქალებს ჩვენი მრავალფეროვანი უნარების წყალობით, გაცილებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქმიანობიდან გამომდინარე, გოგოები მყავს დასაქმებული და ხშირად გვაქვს საუბრები გენდერულ თანასწორობაზე, მომავალ მიზნებზე თუ შესაძლებლობებზე“, - აღნიშნავს ნინო და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზეც საუბრობს.
„პროგრამა დადებითად აისახა ჩემს საქმიანობაზე, გავიცანი ახალი ადამიანები, დავამყარე სანდო კონტაქტები, ამიმაღლდა თავდაჯერებულობა, მოტივაცია, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება მილიონობით შანსს გვაძლევს, მთავარია, ჩვენ შევძლოთ ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება.“
ახლა ნინოს სამომავლო მიზნებს შორის ახალი ფილიალის, კაფეს გახსნაა და როგორც ამბობს, პროგრამაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის მიღწევაში დაეხმარება.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.