გადაზიდვებზე ყოველი 50-55 მოთხოვნიდან 2 სრულდება, გამოწვევას ვერ ვპასუხობთ - IBEX LOGISTICS-ი
ტვირთების გადაზიდვაზე გაზრდილ მოთხოვნას ბიზნესი ვერ პასუხობს. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიის IBEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსი,ტვირთბრუნვის გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.
თათარაშვილის ინფორმაციით, ყოველი 50-55 მოთხოვნიდან 2 შეიძლება შესრულდეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
„სიტუაცია რთულია და ვცდილობთ მოვერგოთ, უმძიმეს პირობებში გვიწევს საქმიანობა.ტვირთების სეგმენტაციას ვერ მოვახდენ, ასეა ყველა მიმართულებით. ამ დროს გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოზე არნახულად მაღალი მოთხოვნაა.
ამ მხრივ 2022 წელი ყველაზე გამორჩეული იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად ვერავინ იტყვის, რა მოცულობებზეა საუბარი. თუმცა ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია. ჩვენს შემთხვევაში მოთხოვნა 700-დან 900 %-მდე გაგვეზარდა. ცალკე საკითხია, აქედან რამდენი დავაკმაყოფილეთ, მიზერული ციფრია, 5%-ს ვერ აღემატება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ყოველი 50-55 მოთხოვნიდან შეიძლება 2 დავაკმაყოფილოთ, მეტს ფიზიკურად ვერ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ გვაძლევს“, - ამბობს თათარაშვილი.
გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ტვირთების უდიდესი ნაწილი მოძრაობს ირანი-თურქეთის გავლით, რაც ამ მოცემულობაში საქართველოს ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.
,,რა რესურსიც საქართველოს აქვს, იმ დონეზე პასუხობს მოთხოვნასაც. სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს კიდეც აქტიურად მუშაობა და შესაძლოა მოცემულობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ ჯერ ამის შესაძლებლობა რეალურად არ ჩანს. გადაზიდვები ფიზიკურად ვერ ხერხდება. შეკვეთები კოლოსალური რაოდენობითაა, რომელსაც ვერცერთი საზღვაო ხაზი, ვერც ტერმინალები ვერ იღებენ. ტვირთები დროში ყოვნდება, რაც ქმნის ნეგატიურ ჯაჭვს, რითაც უკმაყოფილო რჩებიან დამკვეთები“, - აცხადებს ლევან თათარაშვილი.
გადამზიდავი გამოსავალს შუა დერეფნის როლის გაძლიერებაში ხედავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.
ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.