გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართა
გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართა. ღონისძიებამ ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზრის გაცნობის, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაახლოებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.
გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, უზბეკეთის მხრიდან კი ღონისძიებას 1,400-ზე მეტი კორპორატიული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.
ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დახურულ ბიზნესკონფერენციას, საერთაშორისო გამოფენას, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტებსა და მიზნობრივ B2B შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში 90-ზე მეტი პირისპირ ბიზნესშეხვედრა გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უზბეკეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარედგინათ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.
გამოფენის საერთაშორისო მასშტაბის ზრდას ხელი შეუწყო სტრატეგიულმა პარტნიორობამ უზბეკეთის წამყვან ბიზნესინსტიტუციებთან — The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-თან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.
„საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ საერთაშორისო ბიზნესდიალოგის, ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პლატფორმაა, რომელიც ქართულ კომპანიებს ცენტრალური აზიის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.