გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს - ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
გალტ & თაგარტმა უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — „Uzbekistan Economy – Still Unlocking Its Potential". მიუხედავად ქვეყნის მზარდი როლისა რეგიონში, მისი ეკონომიკის დამოუკიდებელი, სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია — სწორედ ამ ხარვეზს ავსებს გალტ & თაგარტის აღნიშნული ნაშრომი. ამგვარი კვლევებით კომპანია თანმიმდევრულად იკავებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკისა და ინსტიტუციური და კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორის პოზიციებს.
კვლევა უზბეკეთის ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციას, მიმდინარე რეფორმებს, ზრდის ახალ მამოძრავებელ ფაქტორებს, სექტორულ დინამიკას, ექსპორტის სტრუქტურას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებს ეხება. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ რესურსს როგორც ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი (Asset Management) კომპანიებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც უზბეკეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ და გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის სავალუტო კურსის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ, უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2025 წელს ზრდამ 7.7%-ს მიაღწია. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდება. ამასთან, 2017 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 82%-ით გაიზარდა, ხოლო სიღარიბის დონე დღიური 3 დოლარის ზღვარზე 2.3%-მდე შემცირდა. სამრეწველო წარმოების წილი ეკონომიკაში გაორმაგდა - 2010 წლის 10.4%-დან 2025 წელს 20.8%-მდე - და ქვეყნის უმსხვილეს სექტორად იქცა. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოს მშპ-ის მხოლოდ 31.9%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან საკანონმდებლო ზღვართან შედარებით. ეს მაჩვენებლები უზბეკეთს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საინვესტიციო ბაზრად აქცევს.
“უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია. ჩვენი კვლევა სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და ჩვენს ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის — ეს კი ამყარებს ჩვენს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს“, — აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.
„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ექსპერტიზა საქართველოს ბაზრის ფარგლებს გასცდეს და ინვესტორებსა და ბიზნესებს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული ანალიტიკა შევთავაზოთ. მომავალში კვლევით დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავაფართოებთ“, — აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული - 2026 წელს Euromoney-მ კომპანია საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.
სხვა სიახლეები
BARTA-ზე განაცხადების მიღება 10 ნოემბერს სრულდება
05.11.2026.13:22
„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის გამარჯვებულები 2027 წლის თებერვალში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, 8 საპრიზო ნომინაციაში გამოვლინდებიან.
გასული წლების მსგავსად, BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მქონე ყველა კომპანიას. საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიები შეფასების პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან, იმ პირობით, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, აქვთ აუდიტის უპირობო დასკვნა. სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მათ შორის, სავაჭროდ დაშვებულ კომპანიებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თვითწარდგენა მოეთხოვებათ.
BARTA-ს კონკურსის ფარგლებში კომპანიების წლიური ანგარიშები ოთხ ძირითად კატეგორიაში შეფასდება - მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები.
სიახლეა, რომ წელს მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია ფინანსურ და არაფინანსურ მიმართულებებად გაიმიჯნა, რაც თითოეულ კატეგორიაში ცალკეული გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონკურსის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების მქონე კომპანიაც.
წელს BARTA-ს კონკურსს ახალი ნომინაცია - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო" ემატება. ნომინაციის ფარგლებში გამოვლინდება სახელმწიფო საწარმო, რომელიც ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.
ასევე, კონკურსის ფარგლებში სპეციალური ნომინაცია „ჟიურის რჩეული" დაწესდება. გამარჯვებულს ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით შეარჩევს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული აღიარება მიანიჭოს კომპანიას, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები, დანერგა ინოვაციები, მიაღწია არსებით პროგრესს ან გამორჩეული ერთგულება აჩვენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების მიმართ.
BARTA-ს კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. ნომინაცია მიზნად ისახავს იმ კომპანიის აღიარებასა და დაჯილდოებას, რომელიც კონკურსში პირველად მონაწილეობს და უკვე პირველივე წელს ანგარიშგების მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობის სტანდარტებით გამოირჩევა.
BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, რომლის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. BARTA წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის, ასევე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.