Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის საინვესტიციო შედეგების ღონისძიებაში და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. როგორც ღონისძიებაზე აღვნიშნე, ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო და ბაზარზე 1.1 მლრდ ლარის ობლიგაციები განთავსდა, რაც გაოთხმაგებული შედეგია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ის ხელსაყრელი პირობებია, რომელსაც ობლიგაციების ბაზარი სთავაზობს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ გამოშვებული ობლიგაციების 30% ლარშია დენომინირებული და იმედი გვაქვს ეს წილი მზარდი იქნება მომდევნო წლებში.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა.
„დღევანდელ კონფერენციაზე მიმოვიხილე საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პერსპექტივები, მათ შორის განათლების, IT-ის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგებში მიმდინარე ტენდენციები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით მოხდეს“, - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.