განახლებული მენიუ, ოპტიმიზაცია და გაფართოების გეგმები - My Boba განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
კაფე My Boba ბიზნესის ოპტიმიზაციასა და განვითარების ახალ ეტაპზე აკეთებს აქცენტს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა, თათია ნადირაშვილმა განაცხადა, ბრენდმა მენიუ და ასორტიმენტი განაახლა, საქმიანობა მხოლოდ ერთ ფილიალში გააერთიანა, ხოლო სამომავლოდ ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. სტრატეგიული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმიანობა ერთ ფილიალში გავაერთიანეთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ვაკის ფილიალში, ჭავჭავაძის გამზირის N7-ში ვოპერირებთ - სწორედ იმ ლოკაციაზე, სადაც ბრენდი პირველად გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მივიღეთ, რაც სრულად ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული.
პარალელურად, განვაახლეთ მენიუ და გადავხედეთ ასორტიმენტს. შევამცირეთ სასმელების რაოდენობა და დღეს მომხმარებელს დაახლოებით 60 დასახელების სასმელს ვთავაზობთ. ასევე, მეტი აქცენტი გავაკეთეთ მარჟის ოპტიმიზაციაზე, რაც ბიზნესის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ დადებითი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ფილიალში დავრჩით, გაყიდვები დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ვაკის ფილიალში გადმოვიდა, გაიზარდა ადგილზე მომსახურების მოთხოვნაც, ხოლო საკურიერო შეკვეთები თითქმის გაორმაგდა. ამ ეტაპზე მომხმარებლებს Glovo, Bolt Food-ისა და Wolt-ის პლატფორმების საშუალებითაც ვემსახურებით.
სამომავლოდ კი გაფართოებას კვლავ ვგეგმავთ. ზამთრის სეზონისთვის ახალი ფილიალის გახსნას განვიხილავთ, სავარაუდოდ, საბურთალოს ან მარჯანიშვილის ლოკაციაზე“, - აცხადებს თათია ნადირაშვილი.
სხვა სიახლეები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
02.07.2026.18:14
5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს დაბადების დღესაც განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს. ამ დღეს მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
წელს PLUS-ის დაბადების დღის კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბურია და უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს. მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიების პარტნიორ ობიექტებში.
გაფართოებულ პარტნიორთა ქსელს წელს პირველად შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: თეგეტა, Gasa Travel, იმპექსი და სხვა. სიახლეა ისიც, რომ პირველად PLUS-ის დაბადების დღის შეთავაზება ფიტნეს ობიექტებზეც ვრცელდება, მათ შორის World Class-ში, Snap Fitness-ში, 12 Rounds-ში, TSRE-სა და Sakamete Fitness-ში.
პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, გაორმაგებული PLUS ქულებით სარგებლობა მხოლოდ 5 ივლისს იქნება შესაძლებელი.