განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ მომავალს ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით. განათლება კი ხშირად სწორედ ის პირველი გააზრებული ნაბიჯია, რომელიც ადამიანს განვითარების, თავისუფლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისკენ მიუძღვის.
ამ რწმენით, თიბისი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით ახალგაზრდებს ეხმარება, ცოდნა და უნარები საერთაშორისო ასპარეზზე გამოსცადონ. ამ გამოცდილების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ქეთა ციმაკურიძე - ახალგაზრდა პროგრამისტი, რომელმაც საკუთარი გზა განათლებისა და მუდმივი განვითარების არჩევით შექმნა.
ქეთას ისტორია კომაროვის სკოლიდან იწყება. ტექნოლოგიებითა და ალგორითმებით დაინტერესების შემდეგ მან სწავლა კომპიუტერულ მეცნიერებათა ცენტრ „მზიურში“ გააგრძელა, სადაც ოლიმპიადების შესახებ შეიტყო და საერთაშორისო კონკურსებისთვის მზადებაც დაიწყო.
„ადრეულ ასაკში, პირველი გააზრებული ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ შეგიძლია გადადგა, განათლების მიღებაა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე კომაროვში, პარალელურად კი სწავლა „მზიურში“ დავიწყე. იქ ალგორითმებით დავინტერესდი და სწორედ ამ გარემომ გამაცნო ოლიმპიადების ტექ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საუკეთესო გზაა საქართველოდან საერთაშორისო ასპარეზის ნაწილი გახდე და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში შენი შესაძლებლობების კარი გაიღოს“ - ამბობს ქეთა.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თიბისის გენერალური სპონსორობით დააფუძნა, ქეთამ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების შემდეგ ზედიზედ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ქეთასთვის ეს გზა მხოლოდ გამარჯვებებს არ უკავშირდება. მისი თქმით, ოლიმპიადებმა ასწავლა, რომ მარცხიც განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
დღეს ქეთა MIT-ის მეოთხე კურსის სტუდენტია და მალე პროგრამისტის პოზიციაზე სტაჟირებას ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ კომპანიაში, Citadel Securities-ში დაიწყებს.
„განათლება ადამიანის არჩეულ გზაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე ძლიერი იარაღია. და როცა საკუთარი შესაძლებლობების გჯერა, შეუძლებელიც არაფერია” - აღნიშნავს ქეთა.
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება. ქეთა ციმაკურიძის ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სხვა სიახლეები
საცხენოსნო ტურები, ინფრასტრუქტურული განახლება და გაფართოების გეგმები - რა სიახლეებს სთავაზობს Guest House Ardoti ვიზიტორებს
08.06.2026.14:00
ხევსურეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ოპერირებას ანახლებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.
„განვაახლეთ ოპერირება, დავამატეთ საცხენოსნო ტურები და შევიძინეთ რამდენიმე ცხენი. ამ ეტაპზე ოთახების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ეზოში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ - მოვაწყვეთ მცირე ტერასა. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებითი საძინებლის აშენებას. ამჟამად, 30 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს, ხოლო ახალი ოთახების დამატების შემდეგ 34 სტუმრის განთავსებას შევძლებთ“,- აცხადებს ლევან არდოტელი.

სასტუმროში ჯავშნების მხრივ ვითარება სტაბილურია.
„ჯავშნების კუთხით ვითარება სტაბილურია. კარგ სეზონს ველოდებით, დადებითი მოლოდინები გვაქვს.
ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია. ახალგაზრდების ნაკლებობის გამო სამუშაოებს თავად ვასრულებთ, ხოლო შიდა პროცესებში რამდენიმე დაქირავებული თანამშრომელი გვეხმარება.

საცხენოსნო ტურების მიმართულებას წელს დავაკვირდებით და თუ შედეგი დადებითი იქნება, მომავალ წელს უკვე დამატებითი თანამშრომლის ჩართვასაც განვიხილავთ.
გარდა ტურისტული მიმართულებისა, აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც - მივდევთ მესაქონლეობას, მოგვყავს ბოსტნეული და წელს მცირე სათბურის მოწყობასაც ვგეგმავთ. ამასთან, აქტიურად ვუვლით ფუტკრის 15 ოჯახს“,- აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.