განათლების გარეშე ეკონომიკური განვითარება რთული იქნება - გიორგი მარიამიძე
სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებლისა და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გიორგი მარიამიძის შეფასებით, განათლება ეკონომიკური განვითარების აუცილებელი საფუძველია, ხოლო საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებშიც აისახება. მისი თქმით, განსაკუთრებით სწრაფი განვითარება შეინიშნება ტექნოლოგიურ და ციფრულ სექტორში, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით უკვე 50 000-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს, ხოლო IT სერვისების ექსპორტის ზრდა ქვეყნის სწორ ეკონომიკურ ტრაექტორიაზე მიუთითებს.
„განათლების გარეშე ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, რთული იქნება. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ეს კარგად ჩანს მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებშიც. ჩვენ პირველები ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით. თუმცა, უფრო მეტად დავაკონკრეტებ, ჩემი მთავარი თემა ტექნოლოგიები და ციფრული მიმართულებებია, სადაც საქართველოს ასევე გამორჩეული შედეგები აქვს
თუ 2019-2020 წლებში ერთ სივრცეში 20 პროგრამისტის შეკრება დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით უკვე 50 000-ზე მეტი პროფესიონალი გვყავს. ვფიქრობ, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია.
ამასთანავე, გაზრდილია IT სერვისების ექსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ზოგადად მიმაჩნია, რომ ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს სიახლეები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ვფიქრობ, ამ სფეროში მსოფლიო ტენდენციებს წარმატებით ვუწყობთ ფეხს“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
მისი განცხადებით, ბიზნესს საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ორი ძირითადი მიმართულებით აქვს.
„საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გამართა და ამ შეხვედრის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლები გამოკითხეს, თუ რომელი მიმართულებით ისურვებდნენ კვალიფიციური კადრების მიღებას. აქ გამოვყოფდი ორ ძირითად სეგმენტს, რომლებსაც პირობითად „თეთრ“და „ლურჯ საყელოიანებს“ უწოდებენ. ერთ-ერთი საკმაოდ დეფიციტური მიმართულება სწორედ ის პროფესიებია, რომლებიც კონკრეტული საქმის პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს - მაგალითად, დღეს ბაზარზე კვალიფიციური შემდუღებლების აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, დეფიციტია მაღალტექნოლოგიური მიმართულებითაც. აღსანიშნავია, რომ იურისტების, ფინანსისტების და ეკონომისტების ნაკლებობა ამ სეგმენტში აღარ იგრძნობა. მე, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ვისაუბრებ ციფრული მიმართულების დეფიციტზე, რადგან დღეს ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით აქტუალური თემაა.
ამის ნათელი მაგალითია კომპანია Meta (Facebook), რომელმაც, თუ არ ვცდები, 8 000 თანამშრომელი გაათავისუფლა ხარჯების დაზოგვისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიზეზით. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და თუ კომპანიებს გამოვკითხავთ, შედეგები აჩვენებს, რომ ციფრული მიმართულებით კადრების დეფიციტი ნამდვილად არსებობს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, Skillwill-მა განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავა და შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ხუთი ახალი პროფესიის სტანდარტი“, - განმარტავს სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.