განათლების გზაზე არ გაჩერდე - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.
უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ავლენს. ბანკი შერჩეულ სტუდენტს ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34-ი სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში, გაემგზავრე დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად და განათლების გზაზე არ გაჩერდე. 2026-2027 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.