განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
ჟურნალ Forbes-ის პროექტი 30 Under 30 ყოველწლიურად ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ წელს ბანკი Forbes under 30-ის სპონსორია.
ამ მასალაში განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში 2024 წლის გამარჯვებულს, მარიამ მაღლაკელიძეს გაგაცნობთ. მარიამი წარმატებული არქიტექტორი, ლანდშაფტის დიზაინერი, მკვლევარი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია.
არქიტექტურა და კრიტიკული აზროვნება
მარიამის აზრით, თანამედროვე არქიტექტურა ეკოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებს აერთიანებს. ამ რთული კავშირების დასანახად და გასააზრებლად კი განათლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სტუდენტებთან ურთიერთობისას ცდილობს, მათ არა მხოლოდ მშრალი ცოდნა მიაწოდოს, არამედ კრიტიკულად ფიქრიც ასწავლოს:
ჩემს პრაქტიკაში კვლევა ურთიერთკავშირების გამოვლენის, გააზრებისა და არქიტექტურულ ცოდნად გარდაქმნის მეთოდოლოგიური საფუძველია. ჩემთვის მთავარი ღირებულება კრიტიკული აზროვნებისა და მიდგომის ჩამოყალიბებაა - უნარი, რომ სტუდენტებმა გადაიაზრონ არსებული სისტემები და თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე ახალი სივრცითი და მატერიალური პასუხები იპოვონ.
საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნის გაზიარება
მარიამის პროფესიული გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო, ლისაბონისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში გაგრძელდა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო განათლების მიღებით ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს ცოდნას ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უკვე თავად უზიარებს.
Forbes 30 Under 30-ში გამარჯვება სწორედ ამ გამოცდილების, იდეებისა და განსხვავებული პერსპექტივების გაზიარების მნიშვნელოვანი სივრცეა. ასეთი პლატფორმები ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის აუცილებელ კავშირსა და დიალოგს აყალიბებს.
ინდივიდუალური განვითარებიდან უკეთეს გარემომდე
მარიამისთვის განათლებაში ჩადებული რესურსი მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. ეს, პირველ რიგში, უკეთესი გარემოსა და საერთო კეთილდღეობის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია:
განათლების მხარდაჭერა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა არ არის. ის ქმნის გარემოს, სადაც ახალი ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და განსხვავებული პროფესიული ხედვები შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.
მათ, ვისაც არქიტექტურისა და მეცნიერების მიმართულებით სურთ საკუთარი გზის პოვნა, მარიამი ურჩევს, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ცნობისმოყვარეობა. განათლება ამ სფეროში არ ნიშნავს მხოლოდ მზა პასუხების დაზეპირებას, ის ექსპერიმენტებსა და განსხვავებულ სფეროებთან დიალოგს მოითხოვს:
მნიშვნელოვანია, არ ეძებოთ მხოლოდ მზა პასუხები, დასვათ ზუსტი კითხვები, გამოცადოთ საკუთარი იდეები და ჩამოაყალიბოთ დამოუკიდებელი კრიტიკული პოზიცია. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის საფუძველს საკუთარი პროფესიული მიმართულებისა და პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.
მარიამის მსგავსი პროფესიონალების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ახალი თაობის იდეების მხარდაჭერა ის საფუძველია, რომელიც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის, ამიტომ ბანკის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
სხვა სიახლეები
Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
08.10.2026.13:21
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge - უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშიც არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებლებს ფასების შედარება და სასურველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური მოწყობილობიდანაც შეუძლიათ.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება.
პორტალის განვითარების ფარგლებში, მას ახალი სავაჭრო ქსელები დაემატა და, ამ დროისათვის, საიტზე 16 წამყვანი სავაჭრო ქსელის ფასებია წარმოდგენილი. პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს უახლოესი ფილიალის მოძიება შეუძლია.
პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს.
სექტემბრის ფასების დინამიკის მიხედვით, თვის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 4.4%-ით, ხოლო 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა.
www.ekalata.gov.ge საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა და მისი მიზანია მომხმარებლებისთვის საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიწოდება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.
სტრატეგიის ფარგლებში, პორტალის მონიტორინგს GCCA ახორციელებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პლატფორმის განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფუნქციებისა და სერვისების დანერგვას მომავალშიც გეგმავს.