განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიზნით საქველმოქმედო პლატფორმა „სუპერგმირმა" ახალი საგანმანათლებლო პროექტი „სუპერტრივია“ შექმნა, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი", კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.
„სუპერტრივია“ თამაშის ფორმატში განხორციელებული შემეცნებითი ინიციატივაა. „ტრივია“ 8000-მდე კითხვისგან შედგება, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მოთამაშეები ქულების ნაცვლად წიგნის ფურცლებს აგროვებენ, რომლებიც საბოლოოდ რეალურ წიგნებად იქცევა და „სუპერგმირის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „სუპერგმირთან“ დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით არაერთი ინიციატივის ავტორები ვყოფილვართ. ამჯერად კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევუერთდით „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რამდენადაც განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „გვინდოდა, რომ პროექტის მხარდაჭერა არ ყოფილიყო მხოლოდ „თეგეტას“, როგორც კომპანიის, კონტრიბუცია. ამიტომ ამ ძალიან საინტერესო პროექტში თანამშრომლებიც ჩავრთეთ და მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ბავშვების გახარებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.
თეგეტელებმა სამაგალითო შედეგები აჩვენეს - ჩვენ მიერ წამოწყებულ გამოწვევაში 1 თვის განმავლობაში ასზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც, ჯამში, 200 000-ზე მეტი ფურცელი მოაგროვეს, „თეგეტამ“ კი ისინი 1500-მდე წიგნად აქცია. შედეგად, „სუპერგმირთან“ ერთად, 800-ზე მეტი ბავშვის გახარებას შევძლებთ“.

„თეგეტას“ მიზანი სასიკეთო ცვლილებებში თანამშრომლების ჩართულობის, მათი გაერთიანებისა და ამ გზით სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. „სუპერტრივიაში“ მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს პროექტში და გაზარდოს სოციალურად დაუცველი ბავშვების წვდომა განათლებაზე.
მარიამ წერეთელი, „სუპერტრივიას“ პროექტის კოორდინატორი: „სუპერგმირი“ უკვე ხუთი წელია, არსებობს. ამ დროის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვის ცხოვრება შეგვეცვალა უკეთესობისკენ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „სუპერტრივია“, რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, მოთამაშეს შეუძლია, სხვადასხვა სფეროში ზოგადი განათლება გაიღრმაოს, მეორე მხრივ კი, მოთამაშის მიერ კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები ჩვენს სერვერზე აისახება და წიგნებად იქცევა. „სუპერგმირმა“ სხვა ორგანიზაციებსაც მისცა საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროექტში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. „თეგეტასა“ და ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაც ესაა. „თეგეტა“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც მასშტაბურად და წარმატებით შემოგვიერთდა, თავისი თანამშრომლები ჩართო „სუპერტრივიაში“ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში“.
თამაშის დასრულების შემდეგ, ლიდერბორდის საშუალებით, „თეგეტამ“ „სუპერტრივიაში“ გამარჯვებული ტოპ 3 თეგეტელი გამოავლინა, რომლებმაც ყველაზე მეტი ფურცელი დააგროვეს. პირველი ადგილი „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მრჩეველს, შოთა თორდიას ერგო. გამარჯვებულები სპეციალური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ და თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს თავად გადასცეს წიგნები. უახლოეს პერიოდში „სუპერგმირის“ ბენეფიციარები სხვა რეგიონებშიც მიიღებენ წიგნებს.
შოთა თორდია, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მრჩეველი: „თამაში ძალიან სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, რეიტინგები მუდმივად იცვლებოდა. კითხვები ბევრი სხვადასხვა კატეგორიიდან იყო, შეგეძლო ის აგერჩია, რაც უფრო ახლოსაა შენი ინტერესების სფეროსთან. მე გეოგრაფიის კატეგორია მქონდა არჩეული, რუკებისა და დროშების მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა, შეიძლება ითქვას, მოვიცალე ცოდნის გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი მოტივაცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის, მათი განათლების ხელშესაწყობად კეთდებოდა“.
„სუპერტრივია“ უბრალოდ გასართობი აქტივობა არაა. მოთამაშე ერთობა, სწავლობს და ამ პროცესში ქმნის წიგნებს მათთვის, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდება. რაც უფრო აქტიურია მოთამაშე, მით მეტი წიგნი იგზავნება ბავშვებთან, რომლებსაც ამ წიგნებზე ხელი არ მიუწვდებათ. „სუპერტრივიას“ შემქმნელებს სჯერათ, რომ სუპერძალა განათლებაშია. სწორედ ამ ძალის გაზიარება სურთ ბავშვებისთვის წიგნის სახით, რომელიც მოზარდს თვალსაწიერს უფართოებს, კითხვებს უჩენს, ოცნებით ავსებს და ცხოვრებას უცვლის.
განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ,,თეგეტა აკადემია“ სწორედ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით.
გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიოებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. წარმატებულ პროექტებს შორისაა, ,,მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელმაც ზემო აჭარის 70-მდე სკოლის ბიბლიოთეკა შეავსო და 10-მდე სოფელში ცნობილი მწერლების მონაწილეობით 300-ზე მეტ ახალგაზრდასთან გამართა შეხვედრები. ,,თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-ამდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, თეგეტამ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება. თეგეტასთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
სხვა სიახლეები
ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
09.06.2026.18:25
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.