განიხილება სხვადასხვა სცენარი - როგორ აფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი გლობალური გამოწვევების გავლენას ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზე
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კონსტანტინე გაბრიჩიძის განცხადებით, გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რის დასაძლევადაც აუცილებელია მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მოქმედება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონსტანტინე გაბრიჩიძემ აღნიშნა, მხოლოდ მარტში 600-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, რამაც მასპინძლობის ინდუსტრიის ნაწილში შემოსავლების 40%-იანი კლება და მასობრივი უმუშევრობის საფრთხე წარმოქმნა.
ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ბიზნესმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გარკვეული დეტალები უკვე განიხილა და პრობლემებთან ერთად სამომავლო გეგმებიც შეაჯერა. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ვითარების განვითარების სხვადასხვა სცენარი.
„შეხვედრა საკმაოდ დროული იყო, რადგან აშკარაა, რომ პრობლემა არსებობს და ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა მხარის ერთ გუნდად შეკვრა. იქნება ეს მთავრობა თუ კერძო სექტორი, ჩვენ - დოვლათის შემქმნელები, გადასახადის გადამხდელები და დამსაქმებლები, ყველანი ერთად ვქმნით მასპინძლობის ინდუსტრიის ერთიან გუნდს. შესაბამისად, ერთობლივად უნდა გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც რეალურ ციფრებში უკვე აისახა.
მაგალითად, მარტში 620 ფრენა გაუქმდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ გაუქმდა რეისები ინდოეთიდან, ჩინეთიდან და კორეიდან. გარდა იმისა, რომ ამჟამად ვიზიტორები არ შემოდიან სამხრეთის მიმართულებებიდან, იქნებიან ეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, ისრაელი თუ ირანი, სხვადასხვა რესტორანს ფაქტობრივად 35-40%-იანი კლება აქვს. ეს ყველას არ ეხება, ვისი საქმიანობაც ქართულ სუფრებზე, დაბადების დღეებსა და ქორწილებზეა ორიენტირებული, მათ მსგავსი კლება არ აქვთ, თუმცა ის მიმართულებები, რომლებიც სტუმრების მიღებაზეა ფოკუსირებული, ძალიან დაზარალდა. მაგალითად, გუდაურში ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
იმ რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც, სადაც ტურისტებს ელოდებიან, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. იგივე შემიძლია ვთქვა სასტუმროებზეც, სადაც ჩვენ ვპარტნიორობთ. ასევე, დიდი დარტყმის ქვეშაა ავიაცია“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.
კონსტანტინე გაბრიჩიძის განცხადებით, ტურიზმზე დამოკიდებულ რეგიონებში, მათ შორის სასტუმროებსა და ავიაციის სექტორში, ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა, ხოლო კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ზაფხულის სეზონის ჩავარდნისა და ბიზნესებისთვის სერიოზული ფინანსური დანაკარგების რისკი იზრდება.
აღნიშნულ თემებზე ბიზნესმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„განვიხილეთ, რომ ამ ეტაპზე მუშაობა სხვადასხვა სცენარზე მიმდინარეობს. სცენარები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი - ერთ კვირაში, ორ კვირაში თუ ერთ თვეში. თუ კონფლიქტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდა, ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდება. ეს კი ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, ვისაც აღებული აქვს კრედიტები, ჩადებული აქვს ინვესტიციები და მთელი წელი ელოდება ტურისტების შემოდინებას, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
განიხილება როგორც მძიმე, ისე საშუალო სირთულის სცენარები. კარგია, რომ ამაზე ფიქრი ახლა მიმდინარეობს და არა ივნისში, როდესაც ფაქტის წინაშე დავდგებით. ჩვენ უკვე გვაქვს პანდემიის მძიმე გამოცდილება, საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული 10 000 კვების ობიექტიდან კორონავირუსის პერიოდს დაახლოებით მესამედი დაიხურა. ეს ნიშნავს ქვეყნისთვის დაკარგულ შემოსავალს, გაკოტრებულ ბიზნესებსა და უამრავ უმუშევარს, რომლებიც შემდეგ საზღვარგარეთ მიდიან. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წინასწარი დაგეგმვა და გარკვეული „ბალიშის“ მომზადება, რათა დარტყმა მაქსიმალურად შევარბილოთ“, - აცხადებს კონსტანტინე გაბრიჩიძე.
სხვა სიახლეები
პარტნიორები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.19:00
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.
„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.
ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.
„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.
სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.