გასაქირავებელი საწყობების 68% თბილისშია თავმოყრილი, შემდეგ მოდის ქუთაისი, ბათუმი და ფოთი - TBC Capital
დღეისათვის ქვეყანაში საწყობების ჯამური ფართობი 2.2 მლნ მ²-ს შეადგენს, საიდანაც 10% სამაცივრე ინფრასტრუქტურაა, 90% კი მშრალი საწყობი. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „ლოგისტიკა: ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილი შესაძლებლობები და გამოწვევები“ არის აღნიშნული.
საქართველოში არსებული საწყობების მხოლოდ 33% გაიცემა იჯარით, ხოლო 67% მესაკუთრეების მიერ გამოიყენება. საწყობების მხოლოდ 6% არის A კლასის. ქვეყნის მასშტაბით მოქმედია 117 საბაჟო საწყობი.
საგულისხმოა, რომ გასაქირავებელი საწყობების 68% თბილისშია თავმოყრილი, შემდეგ მოდის ქუთაისი (17%), ბათუმი (5%) და ფოთი (5%).
თბილისში მდებარე გასაქირავებელი საწყობების დაახლოებით 85% გაქირავებულია. თბილისში გასაქირავებელი საწყობების დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება სამგორში. ანუ სამგორშია თავმოყრილი მათი 45%, სულ 175,142 კვ.მ. მეორე ადგილზე ნაძალადევია. სწორედ აქაა თავმოყრილი გასაქირავებელი საწყობების 23%-ი - 89,182 კვ.მ
როგორც თიბისი კაპიტალში მიაჩნიათ, გაზრდილი კონკურენციის გათვალისწინებით გასაქირავებელი ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი.
როგორც თიბისი კაპიტალში აცხადებენ, ბოლო წლებში საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდებოდა - 2024 წელს დაახლოებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სექტორის წილი მშპ-ში კი 5.9% იყო. ლოგისტიკის სექტორზე დადებითად აისახა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.