GCCA-ის გადაწყვეტილებით GLOVO-ს ქართულ ენაზე მომსახურების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.
საკითხი ეხება - საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურებას.
კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა გლოვოს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - ნასყიდობის შემდგომი მომსახურება, ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენის შესაბამისად განახორციელოს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე.თუმცა, მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით მომსახურება შეიძლება განხორციელდეს სხვა ენაზეც.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.