GCCA-მ „თეგეტა მოტორსის“ მიერ „I GPS ოპერატორის“ საკონტროლო პაკეტის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სააგენტომ, GPS მოწყობილობების რეალიზაციის, მონტაჟისა და მონიტორინგის მომსახურების სექტორში, შპს „თეგეტა მოტორსის“ მიერ შპს „I GPS ოპერატორის“ საკონტროლო პაკეტის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, GPS მოწყობილობების სერვისების მიწოდების ბაზარზე 1000-ზე მეტი სუბიექტი იყო წარმოდგენილი. ბაზრის საერთო მოცულობამ 2 181 758 521.2 ლარი შეადგინა. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი 990.4 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტოსათვის ცნობილი იყო, რომ გარდა განსახილველი კონცენტრაციისა, შპს „თეგეტა მოტორსი“ ასევე აპირებდა კონტროლის მოპოვებას შპს „ჯიპიეს ჯორჯიაზე“, რის გამოც სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა ორივე ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში ბაზარზე არსებული მდგომარეობა. შედეგად, გამოვლინდა, რომ ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) ფაქტობრივად ნულოვანია. 2024 წელს, GPS და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 523 სუბიექტი. ბაზრის საერთო მოცულობამ 39 488 597 ლარი შეადგინა. HHI 132.8 ერთეულს გაუტოლდა, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელმა (ΔHHI) კი 2.5 შეადგინა.
სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ინფორმაციისთვის: 2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.