GCCA-მ სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმესთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - შპს ,,თინეთისა"(www.swoop.ge) და სს ,,მასტერქარდ იუროფის" მხრიდან „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, შპს ,,თინეთისთვის", სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ექსკლუზიური პირობების მინიჭებას - მასტერქარდის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ლოიალობაზე დაფუძნებულ (დამატებითი, 25%-იანი ფასდაკლების სისტემა) შეთავაზებას.
GCCA-მ მოკვლევის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეისწავლა და მათი პირობები გააანალიზა, შეფასდა ყველა ფაქტობრივი გარემოება. GCCA-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შედეგად, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობის ფაქტი და შესაბამისი კანონდარღვევა არ დადგინდა, თუმცა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა.
1. შესაბამისი ბაზრის ორივე დონეზე მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო, საბაზრო-პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლისა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მიზეზები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის წესებს.
2. ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა იწარმოოს იმგვარად, რომ ისინი არ აწესებდნენ გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად, არ ზღუდავდნენ ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ ბაზარზე, ხოლო „ექსკლუზიური მიწოდების" პირობის გამოყენებისას, აღნიშნული დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი გარემოებებით.
GCCA-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების ადრესატია - საერთაშორისო საბარათე სქემების მეშვეობით განხორციელებული მომსახურების ბაზრის, აგრეთვე ლოიალობაზე დაფუძნებული სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების ბაზრის ყველა მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტი.
ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ კვებით სექტორში 1 საქმე დაასრულა, სადაც კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა, დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.