GCCA-მ შპს „დომუს დეველოპმენტის“ მიერ შპს „დომუს სისაიდის“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე, შპს „დომუს დეველოპმენტის“ მიერ შპს „დომუს სისაიდის“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზრის მოცულობა შეადგენდა 3 127 143 000 ლარს. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 300-მდე ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე უტოლდებოდა 588.7 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი HHI იზრდება მხოლოდ 2.23 პუნქტით 590.9 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელო.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 4 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.