Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა
საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.
GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. Ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875%-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი კი ნომინალური ღირებულების 100%-ით. უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესებამ დაახლოებით 60%-ით გადააჭარბა ემისიის მოცულობას.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი მენეჯერი J.P. Morgan-ია. თანამმართველი საინვესტიციო ბანკები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი არიან. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Latham & Watkins, Baker & McKenzie LLP-ი, BLC Law Office და Dentons წარმოადგენდნენ, ხოლო აუდიტორს - EY.
ობლიგაციის თანხა სრულად გადანაწილდება კომპანიის სტრატეგიულ მწვანე პროექტებზე, მიღებული სახსრები კი ახალი მწვანე კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებასა და არსებული ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდება. GGU-ს მწვანე დაფინანსების ჩარჩო დებულება დაამტკიცა ESG კვლევისა და ანალიტიკის წამყვანმა კომპანიამ DNV-მ.
“მოხარული ვარ, გაცნობოთ რიგით მეორე საჯარო მწვანე ობლიგაციების წარმატებული ემისიის შესახებ. GGU პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2020 წელს მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობებისადმი ჩვენი ერთგულებით, ვინარჩუნებთ წამყვანი კომპანიის სტატუსს. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე, წყალმომარაგების სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ პროფილსა და ლიკვიდურობას, რაც დაგვეხმარება ჯანსაღი და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მხარდაჭერისთვის - საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აზიის განვითარების ბანკს (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს (DEG) “ - განაცხადა GGU-ს გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
„ტრანზაქციის ზომა, ფასი და ინვესტორთა ბაზა GGU-ს ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და ზრდის დიდი პოტენციალის დასტურია. კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა დიდი დაინტერესება მოიპოვა საცალო ინვესტორებისგან და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი აღსანიშნავი გარიგების წარმატებით განხორციელებაში. “- აღნიშნავს გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
„ვულოცავთ GGU-ს მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას და განთავსებას, რომელმაც საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხარული ვართ, რომ კომპანიის როგორც მეორე, ასევე პირველი მწვანე ევროობლიგაციების გამოშვების თანამმართველი საინვესტიციო ბანკი სწორედ თიბისი კაპიტალი იყო. საერთაშორისო ბაზარზე მეორე მწვანე ობლიგაციების განთავსება, ხაზს უსვამს GGU-ს გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიცატივისა და პროექტის განხორციელებას” - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით GGU-ს რეიტინგია BB- (Outlook სტაბილური), ხოლო S&P Global-ის მიხედვით BB- (Creditwatch პოზიტიური).
Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (GWP) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ასევე ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით, მათ შორის, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის. 2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.