Georgian Wings-ი გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების EURO-24-ზე დასწრებას უზრუნველყოფს. როგორც Business Insider Georgia-ს Georgian Wings-ში განუცხადეს, ავიაკომპანიას დანიშნული აქვს გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ჩარტერული რეისები, რათა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების გერმანიაში ჩაიყვანა და ჩამოყვანა მოახდინოს.
„ამ დროისათვის ინტენსიურ სამუშაო პროცესში ვართ და კვირის ბოლომდე ფრენების განრიგი და დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი“, - განმარტავენ Georgian Wings-ში.'
კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები, მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.