ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამოყენებით, ბაზარს კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეემატა
საქართველოს ეროვნული ბანკი ღია ბანკინგის ეკოსისტემის განვითარებას განაგრძობს, რითაც ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში კონკურენციის ზრდას. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „ვერტო“ღია ბანკინგის სისტემის მონაწილე გახდა.
ღია ბანკინგი უზრუნველყოფს ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციას და მომხმარებლისთვის ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო სერვისების შექმნას. „ვერტო“-ს განსხვავებული პროდუქტით ჩართვა აღნიშნულ სისტემაში, მომხმარებლების მიერ თავიანთ ფინანსურ ოპერაციებზე მეტი მოქნილობის ახალი შესაძლებლობის წინაპირობაა.
ღია API-ების (Application Programming Interface) ინტეგრაციის საშუალებით, კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების სერვისებს, რაც ფინანსური ოპერაციების პროცესს უფრო გაამარტივებს და მომხმარებლის გამოცდილებასაც გააუმჯობესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ციფრული ფინანსური სერვისების განვითარება აღმავალ ტრენდს აჩვენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ღია ბანკინგის ჩარჩოს გაძლიერებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონკურენტულ გარემოს შექმნას. ახალი მონაწილეების ჩართვა გაზრდის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სერვისების მრავალფეროვნებას. ასევე, ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგის დანერგვა ეკონომიკის ციფრულ გარდაქმნაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური ტექნოლოგიების როლი იზრდება, მომხმარებელთა მოთხოვნები კი უფრო დინამიური ხდება. ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინოვაციურ გადაწყვეტასა და ღია ბანკინგის ეკოსისტემის განვითარებას.
კითხვების ან დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სებ-ის ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.