ღვინო სიმი წარმოებას ზრდის და ექსპორტზე გასვლას გეგმავს
Simi Wine • ღვინო სიმი, რომელიც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა, 2025 წელს გაყიდვების 70%-იან ზრდაზე აცხადებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ღვინო სიმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ვანო ხმიადაშვილმა განაცხადა, კომპანიის აქტიურობასთან და ცნობადობის ზრდასთან ერთად გაყიდვებიც მზარდია.
„ჯერ ახალი კომპანია ვართ და ბაზარზე დაახლოებით 2 წელია ვართ წარმოდენილები. დღეისთვის ღვინო სიმი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, წარმოდგენილები ვართ 8000 მოსავალი ყველა მაღაზიაში. ასევე ამბავი ვაინი ვაკეში. აბაშიძე და ასათიანის ქუჩაზე მდებარე ვინო ჯორჯიას ღვინის მაღაზიაში, ლესელიძეზე მდებარე ღვინის მაღაზიებში: მოდი ვაინ. ინ ვინო. ინ ვაინი. ქინგს ვაინერი. სულიკო, ასევე რესტორან მეტეხის ჩრდილში, რესტორან პურის სახლში.
2025 წელს 2024 წელთან შედარებით გაყიდვები 70%-ით გვაქვს გაზრდილი. პრაქტიკულად 2024 წელს დამწყებები ვიყავით და ამიტომ წელს გაყიდვების ზრდა სახეზეა. ჩვენმა აქტივობებმა ის გამოიწვია, რომ თანდათან უფრო ცნობადები გავხდით, რაც ჩვენს გაყიდვებზეც აისახა“, - განმარტავს ვანო ხმიადაშვილი.
მისივე თქმით, წელს ღვინო სიმის წარმოება კიდევ უფრო გაზარდა, რადგან უფრო მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის წარმოების 50%-იან ზრდას ნიშნავს. გაზრდილი წარმოების ხარჯზე ღვინო სიმი ექსპორტზე გასვლაზეც ფიქრობს და ამ მიმართულებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ექსპორტის დაწყებას აქტიურად განვიხილავთ, უბრალოდ ჯერჯერობით მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. მოლაპარაკებების კუთხით ვსაუბრობთ აშშ-ში, პოლონეთსა და ჩინეთში ღვინო სიმის შეტანაზე“, - აცხადებს ღვინო სიმის დამფუძნებელი.
დღეისთვის ღვინო სიმი 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც საშუალო სეგმენტზე გათვლილია. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დამწყები კომპანიისთვის 5 სახეობის ღვინო საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.
„ამ ეტაპზე ასორტიმენტის ზრდას არ ვგეგმავთ, რადგანაც როგორც დამწყები კომპანიისთვის, 5 სახეობის ღვინო ნორმალურია. თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ“, - აცხადებს ვანო ხმიადაშვილი.
ღვინის სახელწოდება „სიმი“ მუსიკისა და ღვინის კავშირის გამო შეირჩა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.