„ღვინუკა“ განვითარებას აგრძელებს - ახალი სადეგუსტაციო სივრცე და ექსპორტის გაფართოების პერსპექტივები
„ღვინუკა“ რაჭაში პირველი ბიომეღვინეობაა, რომელიც რეგიონში ბიო ღვინის წარმოებას ახორციელებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც აქტიურად უწყობს ხელს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა, 2025 წლის რთველი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ყურძნის უხვი მოსავლიანობით.
„ჩვენთვის 2025 წლის რთველი განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენი ვენახიდან გაცილებით დიდი რაოდენობის ყურძენი მივიღეთ. ზოგადად, რაჭის რეგიონშიც უხვი მოსავალი დაფიქსირდა, თითქმის გაორმაგებული რაოდენობით, რის გამოც 2025 წელი ერთ-ერთ ყველაზე რთულ რთველად შეფასდა რაჭაში. ამ მხრივ არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისი.
ხარისხობრივად ყურძენი საშუალო ხარისხის იყო, მისი შაქრიანობის, მჟავიანობისა და სხვა ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რაც გულისხმობს ღვინის სადეგუსტაციო სივრცის მოწყობას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ტურისტებს დამატებით სერვისად ღვინის დეგუსტაცია შევთავაზოთ.
მოგეხსენებათ, ჩვენ ბიო-სერტიფიცირებული ვენახი გვაქვს და ამ მიმართულებას მუდმივად ვავითარებთ. შესაბამისად, ეს პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
ამჟამად, ვაწარმოებთ ხუთი სახეობის ღვინოს: ალექსანდრეულს, მუჯურეთულს, ცოლიკაურს, თეთრასა და ძელშავს “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.
სამომავლოდ კომპანია ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ვგეგმავთ დეგუსტაციის მიმართულების განვითარებას. ასევე ვმუშაობთ ექსპორტის საკითხზე. ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანა საფრანგეთია, რომელთანაც ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სიახლეებსაც ველოდებით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც „8000 მოსავალში“, ისე ადგილზე რაჭაში.
სხვა სიახლეები
2026 წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელია - Skillwill College-ის დამფუძნებელი
13.11.2026.15:42
2026 წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა.
„ტექნოლოგიურ სექტორს რაც შეეხება, შეგვიძლია ცალსახად და თამამად ვთქვათ, რომ 2026 წელი საკმაოდ კარგი წელი გამოდის. როგორც ახსენეთ, უკვე 10 თვე გვაქვს გასული და, პრინციპში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა, როგორც მშპ-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.
მის კონტრიბუციას რომ შევხედოთ, ICT სექტორის წილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 30%-ია. დასაქმების მაჩვენებელიც იზრდება, სადაც 59 000-დან 54 000 დასაქმებულამდე გაიზარდა მაჩვენებელი და ასევე მნიშვნელოვანია საშუალო ანაზღაურებაც - სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, ამ სექტორში ის თითქმის 4 500 ლარია. თანაც, ICT უფრო ფართო სექტორია, რომელიც აიტის და საკომუნიკაციო სექტორსაც მოიცავს ერთად და ეს თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყანაში საშუალო ხელფასს.
ამიტომ ცალსახად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი წელია და ICT სექტორი ჩამოყალიბდა, როგორც ქართული ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მყარი, ძლიერი მამოძრავებელი ძალა“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.