Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა. გარდა ამისა, ბანკმა მიიღო ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
ბანკის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სერვისებზე წვდომის გამარტივებას, რომელთა მიღებაც მანამდე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის ერთ წუთზე ნაკლებ დროში გახსნის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციის 1 დოლარიდან შეძენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს კრიპტოთი ვაჭრობაც შესთავაზა მობილბანკში, სადაც დღეს 100-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი.
ბანკის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე, 91%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით აგვარებს. ამასთან, „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს საკუთარ ინტერესებზე მორეგებულ პროდუქტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ბიზნესებს 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს. ღია API პლატფორმა (api.bog.ge) კი ფინტექ კომპანიებსა და ERP პლატფორმებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ მიდგომის წარმატებას ადასტურებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების უფრო მარტივად მართვაში ეხმარება, აძლევს ახალ შესაძლებლობებს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის - ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
26.08.2026.15:59
თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.
რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.
“ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.