Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო მობილურ საბანკო აპლიკაციად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების პირველი რაუნდის ფარგლებში მიიღო. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
საქართველოს ბანკის მობილბანკი ყოველთვიურად 1.9 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთა 53% მას ყოველდღიურად იყენებს. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, 800-ზე მეტი გადახდის პროვაიდერი, საერთაშორისო და P2P გადარიცხვები. აღსანიშნავია, რომ საბანკო სერვისების გარდა, მობილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით, დაიწყონ ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, ივაჭრონ 100-მდე კრიპტოვალუტით, ისარგებლონ ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, ერთ სივრცეში მართონ ავტომობილთან, სახლთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, აპლიკაციაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი მომხმარებელთა მიმართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე აგვარებს.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის დაუღალავ შრომას, შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ინოვაციური ციფრული გამოცდილება. ჩვენი მიზანია, მობილბანკი იყოს არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესასრულებელი ინსტრუმენტი, არამედ მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც მას ფინანსების მართვას უმარტივებს“, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
სხვა სიახლეები
“მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა გრიგოლეთში გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩაატარა
21.08.2026.13:59
კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას. პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.
სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა „მწვანე ანაბარი“, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ გარემოს დაცვის საქმეშიც შეიტანონ წვლილი.
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა განხორციელდა, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეკრეაციული სივრცის დასუფთავებასა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათ შორის, უახლესი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის და ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებები.
ღონისძიებები განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Let’s Do It საქართველო მხარდაჭერით.
კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.