Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის დაჯილდოებაზე AI in Finance Awards 2026 შვიდი გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად.
ჯილდოები საქართველოს ბანკმა როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით მიიღო.
გლობალური ჯილდოების გარდა, იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა როგორც ბიზნესისთვის, ისე სამომხმარებლომიმართულებით.
ამასთან, საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა შემდეგ გლობალურ ქვე-კატეგორიებში:
• საუკეთესო ფინტექ AI სამომხმარებლო მიმართულებით (Best Fintech AI – Consumer),
• საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის სამომხმარებლო მიმართულებით (Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities – Consumer)
• საუკეთესო AI ბანკი გადახდებში კორპორატიული მიმართულებით (Best in Payments – Corporate/Institutional).
„ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.
Global Finance-ის AI in Finance Awards ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებსა და ინოვაციურ მიდგომებს გამოარჩევს. ჯილდოების ფარგლებში ფასდება, თუ როგორ იყენებენ ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროდუქტებისა და სერვისების განსავითარებლად და საბანკო პროცესების ეფექტიანობის ასამაღლებლად.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
სხვა სიახლეები
როგორ აერთიანებს FOOD GOOD ჯანსაღ კვებას, მრავალფეროვან მენიუსა და სწრაფ მომსახურებას - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
19.10.2026.18:00
FOOD GOOD ჯანსაღი და დაბალანსებული კვების კონცეფციაზე დაფუძნებული სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. FOOD GOOD-ის კონცეფციის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მენიუსა და ქსელის გაფართოების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი მაკუნა გურგენიძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Food Good არის ჯანსაღი და დაბალანსებული კვების კონცეფციაზე დაფუძნებული სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლის მარტიდან ოპერირებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმში მომხმარებელს შევთავაზოთ ჯანსაღი, ნოყიერი და მრავალფეროვანი ალტერნატივა. Food Good-ის მენიუ მოიცავს დაბალანსებულ ბოულებს, სალათებს, სენდვიჩებს, როლებს, ჯანსაღ საუზმეებს, სმუზებსა და ნატურალურ წვენებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინგრედიენტების ხარისხს, სიახლესა და კვებითი ღირებულებების ბალანსს. ამასთანავე, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ლოკაციებზე ადგილზე მისვლით, ისე მიტანის სერვისების საშუალებით. ჩვენი მთავარი გზავნილია, დავამტკიცოთ, რომ ჯანსაღი კვება შეზღუდვა კი არა, ყოველდღიურობის გემრიელი, მარტივი და კომფორტული ნაწილია - სწორედ ამ იდეას აერთიანებს ჩვენი სლოგანიც: Eat This, Not That.
რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
FOOD GOOD-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ჯანსაღი კონცეფციის, უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვნებისა და სწრაფი მომსახურების ერთობლიობაშია.
ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ ჯანსაღი კვება აუცილებლად მკაცრ დიეტასთან, შეზღუდვებთან ან ნაკლებად გემრიელ საკვებთან ასოცირდება. ჩვენთან ის არის გემრიელი, ნოყიერი და ვიზუალურად ესთეტიკური.
ბაზარზე გამოგვარჩევს პროდუქციის ხარისხისადმი უკომპრომისო მიდგომა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი და თანამედროვე ხედვა. ჩვენს სტუმრებს აღარ უწევთ კომპრომისზე წასვლა გემოს, სისწრაფესა და ჯანსაღ კვებას შორის - FOOD GOOD-ში ეს ყველაფერი ერთიანდება. ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებელს უბრალოდ საკვებს, ვთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მარტივ და გემრიელ ალტერნატივას.
როგორია FOOD GOOD-ის სამომავლო გეგმები - იგეგმება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა და ქსელის რეგიონებში გაფართოება?
FOOD GOOD მუდმივ განვითარებასა და გაფართოებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ჯანსაღი კვების კულტურა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის თბილისში უკვე 4 ლოკაციით ვიქნებით წარმოდგენილი:
• ჭავჭავაძის გამზირი
• სითი მოლი საბურთალო
• ორბელიანის ბაზარი
• რადიო ქალაქი
რაც შეეხება რეგიონულ გაფართოებას, მომავალ წელს ვგეგმავთ პირველი ფილიალის გახსნას ბათუმში, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი კონცეფცია და პროდუქცია შევთავაზოთ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმრებს.
ფიზიკურ გაფართოებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მენიუს განვითარებაზე, ახალი პროდუქტების დანერგვასა და მომსახურების სტანდარტების მუდმივ დახვეწაზე, რათა ქსელის ზრდასთან ერთად უცვლელად შევინარჩუნოთ ის ხარისხი, გემო და ღირებულებები, რომლებზეც FOOD GOOD-ია დაფუძნებული.