Global Tech Weekend: 5 დეკემბერს პანორამულ ბორბალზე იდეების წარსადგენად სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
Global Tech Weekend 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, „Pitch in a Ferris Wheel“ სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყო. სტარტაპები საკუთარ იდეებს საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამული ბორბლის კაბინებში წარუდგენენ. განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო სტარტაპებსა და ინვესტორებს.
6 წუთი, ერთი ბრუნი, ერთი შანსი
ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა. თითოეულ დამფუძნებელს სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე.
ყველა გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხოლო გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება და გრძელვადიანი შედეგების შექმნაა.
ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის
Global Tech Weekend იწვევს სტარტაპებს, რომლებიც საერთაშორისო ინვესტიციასა და ზრდას ეძებენ. შერჩეული დამფუძნებლები მიიღებენ შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ Global Tech Weekend-ის გლობალური ქსელიდან სპეციალურად ჩამოსულ საერთაშორისო ინვესტორებს, დახურულ კაბინაში ექვს წუთიანი პრეზენტაცია წარადგინონ და გამარჯვებისა და ინვესტიციის მოზიდვის შანსი მოიპოვონ.
ეს საინტერესო შესაძლებლობაა ინვესტორებისთვისაც, რათა ტრადიციული ბიზნეს შეხვედრების ჩარჩოებს მიღმა, პანორამული ბორბლის კაბინაში მოისმინონ ახალი იდეები. ფორმატი განკუთვნილია ვენჩურული ფონდების, ანგელოზი ინვესტორებისა და კორპორატიული ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ეძებენ.
„ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ბევრი საინტერესო სტარტაპია, რომელთა განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორ ინვესტორთან შეხვედრა, ინვესტიციის მოძიება და საერთაშორისო გაფართოვებაა. „Pitch in a Ferris Wheel“ სწორედ ამ შეხვედრისთვის შევქმენით: 6 წუთი, ერთი ბრუნი და პირდაპირი საუბარი დამფუძნებელსა და ინვესტორს შორის. ვიწვევთ სტარტაპებსა და ინვესტორებს, რათა ამ განსაკუთრებული ფორმატის ნაწილი გახდნენ“, - აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.
როგორ შევიტანოთ განაცხადი
განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმების შევსება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ სტარტაპსა და ინვესტორს.
Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა
Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქტივობა პანორამულ ბორბალში სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრა იქნება. პროგრამა ასევე მოიცავს Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალურ პრეზენტაციას, მომავალი წლის გეგმებისა და თარიღების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობების დაანონსებას, ექსკლუზიურ ნეთვორქინგს, საერთაშორისო სტუმრებთან შეხვედრებსა და მუსიკალურ პროგრამას.
ორგანიზატორები წარადგენენ 2027 წლის ძირითად ინიციატივებს, კონცეფციას, და საერთაშორისო გაფართოების გეგმებს. ღონისძიება დახურულ ფორმატში ჩატარდება. დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma-ს გვერდზე.
რეგისტრაცია: იხ. ბმული
Global Tech Weekend-ის შესახებ
Global Tech Weekend გლობალური ტექნოლოგიური მოძრაობაა. 2026 წელს მოძრაობა სან-ფრანცისკოში, ტაშკენტსა და თბილისში გაფართოვდა. Global Tech Weekend Tbilisi 2026-მა 10,000-ზე მეტი დამსწრე, 250-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 150-ზე მეტი პარტნიორი და 12-ზე მეტი სექტორი გააერთიანა.
ვებგვერდი: https://gtwt.ge/
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
30.10.2026.20:36
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის ახალი სეზონი იწყება, რომელიც დამწყებ კონტენტ კრეატორებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ რჩევები გამოცდილი იუთუბერებისგან.
მეორე სეზონში, 8 მონაწილე 7 ტურის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გამოწვევას შეასრულებს. გამარჯვებულს კი ფულადი პრიზი - 20 000 ლარი გადაეცემა.
CREATOR-ი საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარებას და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალი ჟიურისა და მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარონ ვიდეოს შექმნის სრული პროცესი - იდეის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის გამოქვეყნებამდე.
პირველი სეზონის ფარგლებში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-მდე დამწყებმა იუთუბერმა გამოთქვა, მათგან კი 9 მონაწილე შეირჩა. CREATOR-მა იუთუბერებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ საკუთარი აუდიტორია, მიეღოთ პროფესიული უკუკავშირი და გასცნობოდნენ კონტენტის შექმნის სხვადასხვა ეტაპს.
CREATOR-ის მეორე სეზონის ფარგლებში, შეიცვალა შეფასების სისტემა - თუ პირველ სეზონში თითოეული დავალება დამოუკიდებლად ფასდებოდა, ახლა მონაწილეების შედეგებს მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულები განსაზღვრავს. შესაბამისად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეულ დავალებაში კარგი შედეგის მიღწევა, არამედ თანმიმდევრულობა, განვითარება და პროცესში მუდმივი ჩართულობა.
ამასთან, თუ პირველ სეზონში განაცხადის შევსება მაქსიმუმ 5 000 გამომწერის მქონე არხებს შეეძლოთ, ახლა მონაწილეობის მიღება 10 000-მდე გამომწერის მქონე კრეატორებსაც შეუძლიათ.
მეორე სეზონის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის დავალება და შემოქმედებითი გამოწვევა ელით. მათ ნამუშევრებს შეაფასებენ პროექტის ჟიურის წევრები – მახარა, კაკო და ჰიტა. შეფასების გარდა, ჟიურის წევრები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ, დაეხმარებიან კონტენტის განვითარების გზების დანახვაში, ანალიტიკისა და აუდიტორიის უკუკავშირის გამოყენებაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ძვირადღირებული ტექნიკის ან უკვე ჩამოყალიბებული დიდი აუდიტორიის ყოლა აუცილებელი არ არის. შეფასებისას მთავარი ყურადღება ეთმობა იდეას, ვიდეოს შინაარსს, კრეატიულობასა და დავალებასთან შესაბამისობას. სწორედ ამიტომ, CREATOR-ი განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი სათქმელი აქვს, ახალი იდეების განხორციელება სურს და კონტენტის შექმნას პროფესიული განვითარების მიმართულებად განიხილავს.
„საქართველოს ბანკისთვის ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ამ სივრცეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტი CREATOR-ი მეორე სეზონით ბრუნდება. პირველი სეზონის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დამწყები კრეატორებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ახალი სეზონით გვინდა, კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უკუკავშირი, გადალახონ საწყისი ბარიერები და საკუთარი იდეები საინტერესო კონტენტად აქციონ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
CREATOR-ის მეორე სეზონის ეპიზოდები YouTube-ზე იანვრიდან გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde