გომბორის გზის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო კომპანია „ანაგმა“ - მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ეს მისთვის წარმატებული პროექტი იქნება და სამუშაოებს ხარისხიანად განახორციელებს | რევაზ სოხაძე
გომბორის გზის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო კომპანია „ანაგმა“ - მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ეს მისთვის წარმატებული პროექტი იქნება და სამუშაოებს ხარისხიანად განახორციელებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„იგრძნობოდა, რომ ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებაზე და საუბრებზე ბიზნესის ნაწილს ჰქონდა ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუნდაც იგივე ხარისხზე როდესაც დავიწყეთ საუბარი, ვგრძნობდი, რომ იგრძნობა ის, რომ ახალი მინისტრია, ახალი რაღაც პოზიციაა, გავა დრო და მილევად რეჟიმში გადავა.
ჩვენ მართლაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდილობთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გახდეს, რომ მათთვის კომფორტული იყოს ბიზნესის კეთება. ბუნებრივია, იარსებებს და არსებობს საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ რაც შეიძლება მაგარი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხარჯთეფექტურები ვიყოთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ იარსებებს საკითხები, რომლებზეც ჩვენი თანხმობა ვერ მოხდება, მაგრამ ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი არის. ესეც უნდა იყოს, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ჩვენ ვთანხმდებით და მთავრობა ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს თანაბარ პირობებში, სამართლიანი თამაშის წესებით შეეძლოს ამ სექტორში საქმის კეთება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფი ზრდა.
პირველი მაგალითი გვაქვს. მე მინდა ღიად ვთქვა, რადგანაც უკვე მოეწერა კონტრაქტს ხელი: ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურაში ტენდერების პირობები შევცვალეთ, იქ მივეცით სამოქალაქო მშენებლობაში გამოცდილების მქონე კომპანიებსაც მონაწილეობის მიღება და პირველი შემთხვევა არის, როდესაც გომბორის გზის რეაბილიტაცია მოიგო კომპანია „ანაგმა“, რომელსაც აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურაში არ უმოღვაწია. სამშენებლო კომპანიაა. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული პროექტი იქნება ეს მისთვის და წარმატებულად განახორციელებს.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, განხორციელების პროცესში არანაირ კომპრომისს ადგილი არ ექნება და, მაქსიმალურად, ისევე როგორც ყველა სხვა კონტრაქტში, ჩვენი მოთხოვნა იქნება ხარისხი და დრო, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს ერთი მაგალითი სხვებისთვისაც იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება ახალი მოთამაშეები, ახალი კომპანიები და, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სექტორი.
ასევე, სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში საერთოდ არ ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ დაინახეს, რომ აქ შესაძლებელია. ნდობა სახელმწიფო ტენდერების მიმართ გაიზარდა და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არსებობს კიდევ პრობლემები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ", - აცხადებს რევაზ სოხაძე.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა - რევაზ სოხაძე
30.10.2026.10:08
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„კორუფციაზე და კორუფციულ რისკებზე უკვე, მგონი, ზედმეტიც არის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით ყველასთვის ცხადია. გადადგმული ნაბიჯებიც ადასტურებს, მგონი, საქართველოს მთავრობის მკაფიო პოზიციას ამასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტორში მომუშავე კომპანიები თუ ნებისმიერი აქტორი ამას გრძნობს, თუ რამდენად ხისტი დამოკიდებულებაა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ.
რაც შეეხება ზოგადად პროცესის გაჯანსაღებას, ეს არის დაწყებული შესყიდვების კანონმდებლობიდან, შესყიდვების ფორმიდან, სატენდერო პირობებიდან გამომდინარე. ამის ცვლილებით თუ რა ნაბიჯებიც გადავდგით ჩვენ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაჯანსაღებულიყო და კიდევ უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. გამჭვირვალეობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ხაზი მინდა ერთ რამეს გავუსვა, რომ ჩვენთვის, და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც. კარგი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნის ხელშეწყობა. ეს იქნება საგზაო მიმართულებით თუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება ასეთი კომპანიები, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი და რთული პროექტები განახორციელოს.
თქვენ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძლიერი კომპანიები არის ამის ერთ-ერთი გარანტი. პროფესიონალური კადრების გაზრდა, რის ნაკლებობასაც ჩვენ ნამდვილად განვიცდით დღეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება ტექნიკური პროფესიების განვითარებას.
ის განათლების რეფორმა, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, ამოგლეჯილი რეფორმები არ არის. ეს არის მთლიანი ხედვა ქვეყნის განვითარებისა, როდესაც, ერთი მხრივ, შენ განათლების რეფორმას ახორციელებ, რომლის მიზანიც ზუსტად ის არის, რომ დეფიციტური პროფესიები, მათ შორის, ერთ-ერთი მიზანია, რომ დეფიციტური პროფესიები გახდეს უფრო მოთხოვნადი და დააფინანსო ამ მიმართულებით ახალგაზრდები და ასეთი კადრები გაზარდო.
მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება, რომ შემდგომში ეს ახალგაზრდები უკვე თავისუფლად დასაქმდნენ ამ სექტორში და ხელი შეუწყონ უკვე ამ სექტორის ზრდას. ეს ყველაფერი არის კომპლექსური ხედვის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარდეს და ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.