“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მცირე პაუზის შემდეგ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი სეზონი YouTube-ზე გრძელდება. დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა უცვლელი ფორმატით უბრუნდება აუდიტორიას, რომლის ფარგლებშიც მთავარი გმირები გვიზიარებენ საკუთარ ისტორიებს წარსულზე, დღევანდელობაზე და იმ მომავალზე, რომელიც ჯერ მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.
გადაცემა, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს, მხოლოდ ერთი სეზონის ფარგლებში გაგრძელდება.
პროექტის წარმდგენი და გენერალური სპონსორი კი კვლავ საქართველოს ბანკია.
გადაცემა, რომელიც პორტრეტის, უშუალო დიალოგისა და „ჰარდ თოქის“ ნაზავია, ახალ სეზონში 7 ეპიზოდს გააერთიანებს და იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთაც საკუთარი გამოცდილებით შეუძლიათ მაყურებელზე გავლენა მოახდინონ, დააფიქრონ ან მოქმედებისკენ უბიძგონ.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის პირველი ეპიზოდი YouTube-ზე უკვე ხელმისაწვდომია. სტუმარი ირინა აფხაიძეა, რომელიც არ გაჩერების, არ დანებების, ჟინისა და მიზანდასახულობის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს.
„მთავარი ყოველთვის ის იყო, რომ ყოველი ეპიზოდის მთავარ პერსონაჟს ჰქონოდა ისეთი სათქმელი, ისეთი მოსაყოლი, რაც მაყურებელში რაიმე დადებით ცვლილებას გამოიწვევდა; ქმედების სურვილს, ფიქრის საბაბს, იდეებსა და ინსპირაციას მისცემდა. ზუსტად ასეთ ხალხს შევახვედრებთ მომდევნო ეპიზოდებში ჩვენს ერთგულ და არა მხოლოდ ერთგულ მაყურებლებს. ცნობისმოყვარე და ჟინიან ადამიანებს“, - აღნიშნავს დათო გორგილაძე.
კითხვაზე, თუ რატომ ბრუნდება გადაცემა მხოლოდ ერთი სეზონით, წამყვანი და ავტორი გვპასუხობს:
„ქართულენოვან Youtube-ზე უკვე ძალიან ბევრი პოდკასტია, რომელიც ინტერვიუს კლასიკურ ჟანრს ერგება. თითქოს ერთიანად აზვირთდა ეს ტალღა და ჯერაც არ ჩაუვლია, პირიქით. ხანგრძლივ პაუზის ერთი მიზეზი ესეც იყო - ასე ვთქვათ, პოდკასტების პანდემიაში სახლში დარჩენა.
მე ყოველთვის იმათ რიცხვში ვიყავი, ვინც ფიქრობს, რომ ჯობია მაყურებელს დანაკლისის განცდა დაუტოვო, ვიდრე თავი მოაბეზრო. ამაზე ფიქრი, ამ ვარაუდის აწონ-დაწონვამაც წაიღო დრო.
და მაინც, მთავარი ალბათ პირველი მიზეზია. მე ასე ვხედავ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის მომავალს” - არა ხშირად, იშვიათად, მონატრებითა და, რაც მთავარია, ხარისხიანად.“
თითოეული სეზონი და ეპიზოდი ბევრად უფრო დიდ სათქმელს ატარებს, ვიდრე ერთი მორიგი ინტერვიუ კარგად ნაცნობ თუ შედარებით უცნობ სტუმრებთან. რადგან ეს არის გადაცემა, რომელიც არასდროს გაჩერებულა. და რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
„მარკეტინგის არაჩვეულებრივ გუნდთან თანამშრომლობა, თავიანთი საქმის ნამდვილ პროფესიონალებთან იდეების, გამოცდილების, ხედვისა და ცოდნის გაცვლა-გამოცვლასაც მოიცავს. თან, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის ფონზე და ეს მაგარია.“ - ამბობს დათო გორგილაძე.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თითოეული ეპიზოდის გამოსვლას YouTube-ზე, მოვისმინოთ ისტორიები, რომლებიც ერთდროულად წარსულზე და მომავალზე დაგვაფიქრებს, და მოგვცემს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ.
პირველი ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
01.06.2026.13:52
თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ გამოფენას – „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ – ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ.
გამოფენა ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება – თემს, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ირანის ისპაანის პროვინციაში აგრძელებს საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქართული ენის შენარჩუნებას.
გამოფენის სახელწოდება ერთი სიმბოლური ისტორიიდან იღებს სათავეს. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ადგილობრივისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები: „საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!“ – მონატრებისა და სამშობლოსთან უხილავი კავშირის ეს განცდა გამოფენის მთავარ ემოციურ ხაზად იქცა.
პროექტის კონცეპტუალური საფუძველი უკავშირდება ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს. აღნიაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად იმოგზაურა და მათი ყოფა აღწერა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია სწორედ ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს – კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დროის მიღმა გაგრძელებული კავშირის კვლევას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა გადაჯაჭვული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირადიც.
ოცდაათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და თანამედროვეობის გავლენა ტრადიციულ გარემოზე. ფოტოგრაფი ცნობილია გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ურთიერთობისა და ნდობის საფუძველზე იქმნება, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და ინტიმურობას ანიჭებს.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი
გამოფენის გახსნა: 6 ივნისის, 17:00 სთ.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.