გრეიფუტის საბითუმო ფასმა 8 ლარს მიაღწია, ფორთოხალი 6 ლარი ღირს - Agrolab Distribution
გლობალურ ბაზრებზე და უკვე საქართველოში, ციტრუსის დეფიციტი იგრძნობა. განსაკუთრებით ფორთოხალსა და გრეიფუტზე, რომელიც ამ ეტაპზე მთლიანად იმპორტულია. თუმცა მაღალი ფასის გამო იმპორტიორები ამ პროდუქტის შესყიდვებისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ.
როგორც Agrolab Distribution-ის წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან ამბობს, ყველაზე ძვირი გრეიფუტია, რომლის შეძენა 8 ლარი უჯდებათ, ფორთოხლის ფასი კი 6 ლარია.
ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე ფასი გაცილებით მეტია, ამიტომ სადისტრიბუციო კომპანია ციტრუსის შესყიდვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, სანამ გაყიდვებში ქართული ციტრუსი ჩაეშვება.
„უწყვეტ მომარაგებას ვახდენთ, სეზონზე ადგილობრივი პროდუქცია გვაქვს დისტრიბუციაში, დანარჩენ პერიოდში იმპორტით ვამარაგებთ. ზაფხულში ყველაზე მეტი მოთხოვნა ტრადიციულად კიტრსა და პომიდორზეა. შემოდგომისთვის ეს არის ციტრუსი, თუმცა ამ ეტაპზე დეფიციტია.
ფორთოხლის საბითუმო ფასი 6 ლარია, გრეიფუტი 8 ლარი ღირს. როგორც კი სიმცირე შეიმჩნევა, მაშინვე მატულობს ფასი, არასტაბილური სიტუაციაა.
ვფიქრობ, მაღალი ფასები დიდხანს არ გასტანს, ადგილობრივი ციტრუსი შემოვა და ფასიც დაბალანსდება. ჯერჯერობით კი არასახარბიელო მოცემულობაა. მოთხოვნა არის, მაგრამ დეფიციტის გამო მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, Agrolab Distribution რესტორნებსა და სასტუმროებს სრული ასორტიმენტით ამარაგებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ მხრივ პირველი კომპანიაა და ერთადერთიც, ვისაც მსგავსი მომსახურების შესაძლებლობა აქვს. Agrolab Distribution ქართულ ბაზარზე 6 წლის წინ დაფუძნდა. კომპანიაში დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.