Grossmann თბილისში ფილიალების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს - როგორია კომპანიის 2026 წლის გეგმები
2026 წელს სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Grossmann • გროსმანნ თბილისში ფილიალების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Grossmann-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა, 2026 წლის გეგმა-მინიმუმი თბილისში კიდევ სამი ახალი ფილიალის დამატებაა, საიდანაც ერთის გახსნა უკვე უახლოეს პერიოდში მოხდება.

„2026 წელს პირველ ფილიალს უახლოეს ერთ თვეში, თბილისთან ახლოს - შინდისში გავხსნით. წელს მინიმუმ სამი ფილიალის გახსნას ვვარაუდობთ. თუ ეკონომიკამ და პროცესებმა ხელი შეგვიწყო, ჩემი სურვილია, რომ დამატებით კიდევ ორი გავხსნათ, ანუ ჯამში ხუთი. თუმცა მინიმალური გეგმა სამი ფილიალის დამატებაა - ერთი შინდისი იქნება, ხოლო თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ მინიმუმ ორი ფილიალი დაემატება“, - აღნიშნა Grossmann-ის დამფუძნებელმა.
2025 წელს Grossmann-მა სამი ფილიალით დახურა, რაც ახალი კომპანიისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

„ალბათ, როგორც ყველა სტარტაპს, მოლოდინები ოპტიმისტურია, თუმცა რეალობა ცოტათი განსხვავებული გამოვიდა. შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე - ახალი გუნდია, ხოლო მიმართულებაც ჩემთვის ახალი იყო. ასევე მაკროეკონომიკური ფაქტორები ქვეყანაში დიდად ხელს არ გვიწყობდა, რაც სტარტაპებისთვის დამატებითი დაბრკოლება იყო. ამას ემატებოდა ზოგიერთი რეგულაცია, რომელმაც წვდომა შეუზღუდა ჩვენს კლიენტებს - მცირე და საშუალო სამშენებლო კომპანიებს. ასევე, ადრე ეს სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი იყო, ახლა კი ფიზიკური პირებიც იბეგრებიან. მოკლედ, ეს ყველაფერი გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნიდა სტარტაპისთვის.
თუმცა, ჯამში, ჩვენ იმ გეგმებს მივუახლოვდით, რაც გვქონდა, და ვფიქრობ, 2026 წელი ბევრად უკეთესი იქნება. მინდოდა ცოტა მეტი ფილიალი გაგვეხსნა პირველივე წელს, თუმცა სამი ფილიალით დავასრულეთ 2025 წელი და ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური შედეგია“, - აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, Grossmann გაფართოებას საკუთარი ინვესტიციით ახორციელებს, თუმცა, როდესაც კომპანია სათანადო ზომას მიაღწევს, შეეძლება ფინანსური სექტორიდან დაფინანსების მოთხოვნა.

„ჯერ ჩვენი ფინანსებით ვაფინანსებთ განვითარების პროექტებს. თუმცა, ვფიქრობ, მალე მოვა დრო, როდესაც ლოკალურ თუ საერთაშორისო ფინანსებზე განაცხადებს გავაკეთებთ. ჯერჯერობით შედარებით პატარა მასშტაბის ვართ, შესაბამისად, ბანკების და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების დაფინანსებაზე წვდომა რთულია. საჭიროა კომპანიის გადიდება, აქტივების გაზრდა, რის შემდეგაც უფრო მარტივი გახდება დაფინანსების მიღება“, - განმარტავს დამფუძნებელი.
Grossmann-ის მაღაზიაში პროდუქცია საკმაოდ შერეული და დივერსიფიცირებულია.

„ჩვენი მაღაზია შერეული ფორმატით მუშაობს - არ ვართ კონკრეტულ მიმართულებაზე დამოკიდებული. ექვსი მთავარი მიმართულება გვაქვს: სამშენებლო პროდუქტები, სანტექნიკის მასალები, ელექტროობა, ინსტრუმენტები და დანადგარები - ყველაფერი პროპორციულად გადანაწილებულია. ბიზნესის კუთხით ეს ძალიან კარგი სტრატეგიაა: რისკები დივერსიფიცირებულია და პროდუქციის დამოკიდებულება კონკრეტულ მომწოდებელზე მინიმალურია. ვფიქრობ, ეს ჰარმონიულადაა გადანაწილებული და ძალიან კარგია“, - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.

სხვა სიახლეები
როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ
17.08.2026.18:27
ბავშვისთვის ენა მხოლოდ სიტყვები და გრამატიკა არ არის. ეს არის ენა, რომელზეც მშობელი ელაპარაკება, სიმღერა, რომელსაც ძილის წინ უსმენს, ზღაპარი, რომელსაც სახლში უყვებიან და მოგონებები, რომლებიც მასთან ერთად იზრდება. თუმცა, როცა ბავშვი საქართველოში არ ცხოვრობს, ქართული ენა მისი ყოველდღიურობის მხოლოდ ნაწილი ხდება, რადგან სკოლა, მეგობრები და გარემო, სადაც ის ყოველდღიურად ცხოვრობს, ხშირად სხვა ენაზეა.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ოჯახებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის თუ როგორ შეუნარჩუნონ შვილებს ქართულ ენასთან რეგულარული კავშირი მაშინ, როდესაც მათი ყოველდღიური გარემო და კომუნიკაცია ძირითადად სხვა ენაზეა.
ამისთვის მშობლები ხშირად ცდილობენ, ქართული ბავშვის ყოველდღიურობაში სხვადასხვა სახით შეიტანონ. ეს შეიძლება იყოს ოჯახში ქართულად საუბარი, ქართული წიგნების კითხვა, მუსიკისა და ზღაპრების მოსმენა ან ისეთი პატარა რიტუალების შექმნა, რომლებიც ბავშვს ქართულ ენასთან ყოველდღიურად აკავშირებს.
ხშირად ეს უბრალო მომენტებია - დილით მშობელთან ქართულად საუბარი, ბებია-ბაბუასთან ვიდეოზარი, ქართული ზღაპრის მოსმენა ან ძილის წინ საყვარელი სიმღერის ჩართვა. სწორედ ასეთი პატარა, ყოველდღიური რიტუალები ეხმარება ბავშვს, ქართული ენა მის ყოველდღიურობაში შეინარჩუნოს და მასთან კავშირი ბუნებრივად გააგრძელოს.
სწორედ ასეთ ყოველდღიურობაზე გვიყვება საქართველოს ბანკის კამპანიის ვიდეოც, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი ბავშვის ერთ ჩვეულებრივ დღეს ასახავს. დილიდან ის სკოლაში მიდის, შემდეგ მეგობრებს ხვდება და დღის უმეტეს ნაწილს იტალიურენოვან გარემოში ატარებს. საღამოს კი სახლში ბრუნდება და ძილის წინ ქართული იავნანას უსმენს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენა მათი ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად დარჩეს და მასთან კავშირი შენარჩუნდეს.
პროექტის ფარგლებში შექმნილ იავნანას ახალ ვერსიებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ჟღერს. ამ გზით ქართული სიტყვები მათთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებსა და გამოცდილებას უკავშირდება.
პროექტი ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა - იმ გარემოს გათვალისწინებით, სადაც ბევრი ქართველი ოჯახი ცხოვრობს. იავნანას მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე და SoundCloud-ზე.
საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვებისთვის ქართულ ენასთან კავშირი ხშირად სწორედ ასეთი პატარა გამოცდილებებისგან იქმნება - ოჯახისგან, ნაცნობი სიტყვებისგან, ისტორიებისგან, მუსიკისგან და იმ რიტუალებისგან, რომლებიც ქართულ ენას მის ყოველდღიურობაში აცოცხლებს.
ზოგჯერ კი ამ კავშირის შესანარჩუნებლად ერთი ნაცნობი იავნანას მოსმენაც საკმარისია.