„ჰამი ქენდი“ - კომპანია „ნუგბარის“ ინოვაციური საბავშვო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე
სექტემბრიდან ლუქსემბურგის სავაჭრო სივრცეებში ქართული წარმოების ახალი, ინოვაციური საბავშვო პროდუქტი „ჰამი ქენდი“ გამოჩნდება - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს ქართული ტრადიციული ნუგბარის პრემიუმ მწარმოებელი კომპანია „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გერზმავამ განუცხადა.
„სექტემბრიდან ლუქსემბურგის სავაჭრო სივრცეებში ქართული წარმოების ახალი, ინოვაციური საბავშვო პროდუქტი „ჰამი ქენდი“ გამოჩნდება.
ჩვენი კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ბავშვთა კვების მიმართულებით ახალ საფეხურზე გადავდივართ და ევროპელ მომხმარებელს ჩვენი საბავშვო ხაზის ერთ-ერთ ახალ პროდუქტს - „ჰამი ქენდის“ ვთავაზობთ. ეს არის ტკბილეული, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე, ჯანსაღი კვების მოთხოვნებს.
ამ ეტაპზე ლუქსემბურგთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვაქვს. ამჟამად ჩინეთიდან შეფუთვის ნიმუშებს ველოდებით, რომლებიც დაახლოებით ათ დღეში უნდა მივიღოთ. მათი დამტკიცების შემდეგ სექტემბერში პირველი საექსპორტო პარტია უკვე გასაგზავნად მზად იქნება.
„ჰამი ქენდის“ სახელწოდება და ვიზუალური კონცეფცია შემთხვევითი არ არის. ჰამსტერს ლუქსემბურგის კულტურულ სივრცეში განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და ადგილობრივ ისტორიასა და ფოლკლორულ ელემენტებთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ შევქმენით კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ქართულ წარმოებასა და ლუქსემბურგის კულტურულ ელემენტებს. ჩვენი მიზანია, ევროპელ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც მისთვის ერთდროულად ახალი, საინტერესო და ნაცნობი იქნება.
ვხედავთ, რომ თანამედროვე მშობლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვების კვების ხარისხს და ეძებენ პროდუქტებს, რომლებიც ტრადიციული ტკბილეულისგან განსხვავებით ბუნებრივ და დაბალანსებულ ალტერნატივას წარმოადგენს.
„ჰამი ქენდი“:
• მზადდება მაღალი ხარისხის ნედლეულისგან და არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებსა და არასასურველ დანამატებს;
• მისი საფუძველია ჩვენს საწარმოში წარმოებული ნატურალური ყურძნის კონცენტრატი, რომელიც ყურძნის ბუნებრივ თვისებებს ინარჩუნებს;
• მოსახერხებელი ფორმატის წყალობით იდეალურია ბავშვისთვის სკოლაში, მოგზაურობისას ან ყოველდღიური წახემსებისთვის.
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმოების სრულ ციკლზე კონტროლია - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტამდე.
ჩვენ თავად ვაწარმოებთ ნატურალურ ყურძნის კონცენტრატს, რომელიც „ჰამი ქენდის“ ერთ-ერთი მთავარი საბაზისო ინგრედიენტია.
წარმოების პროცესი მოიცავს:
• ყურძნის შერჩევას;
• ნატურალური კონცენტრატის წარმოებას;
• უნიკალური რეცეპტურის შექმნას;
• ხარისხის მრავალეტაპიან კონტროლს;
• საბოლოო შეფუთვას.
ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი, რომლის შექმნის თითოეული ეტაპი ჩვენი პასუხისმგებლობისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდება.
ჩვენთვის პროდუქტის ხარისხი, სურსათის უვნებლობა და წარმოების გამჭვირვალობა მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენი საწარმო ISO 22000-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული, რაც ადასტურებს სურსათის უვნებლობის მართვის ეფექტურ სისტემას - ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების ეტაპის ჩათვლით.
გვჯერა, რომ ხარისხი მხოლოდ საბოლოო პროდუქტში არ იქმნება, ის წარმოების თითოეულ ეტაპზე იწყება და სწორედ ამიტომ თითოეულ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.
„ჰამი ქენდის“ ლუქსემბურგის ბაზარზე გამოჩენა ჩვენი კომპანიისთვის საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე მოთხოვნების შერწყმას და ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ქართულ გემოს, ხარისხსა და ინოვაციას ევროპელ მომხმარებლამდე მიიტანს.
გვჯერა, რომ „ჰამი ქენდი“ პირველი ნაბიჯია და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული წარმოების პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ნინო გერზმავა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნუგბარი“ უკვე 9 წელია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ქსელებთან, როგორიცაა „კარფური“ და მისი პროდუქცია 10-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. საწარმოს მოდერნიზაცია კომპანიის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც ქართული ნუგბარის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციას ემსახურება.
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
11.08.2026.17:49
ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.
ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.
მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.
დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.
ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.