„ჰანიველ პარტნერსის“ განცხადება
„ჰანიველ პარტნერსმა“ საბოლოოდ დაასრულა 9-წლიანი სასამართლო დავა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ქართულ და ინგლისურ პრესაში. რამდენიმე დღის წინ, „ჰანიველ პარტნერსმა“ სასამართლოს მიერ დაკისრებული ბოლო ვალდებულება გაისტუმრა.
სასამართლოს არც ერთ ეტაპზე არ დაუდგენია თაღლითობა ან არაკეთილსინდისიერი ქცევა „ჰანიველ პარტნერსის“ და მისი პარტნიორების მხრიდან. მეტიც, ჩვენი ღრმა რწმენით, სასამართლო განჩინება იყო უაღრესად უსამართლო და აცდენილი თანამედროვე კომერციულ რეალობას. ჩვენი საქმე გახდა საინტერესო განხილვის საგანი ინგლისის აკადემიურ წრეებშიც. ჩვენს სამართლებრივ პოზიციას ასევე იზიარებდა იურისპრუდენციის პროფესორებისა და წამყვანი სპეციალისტების ნაწილიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ჰანიველ პარტნერსმა“ აღიარა განაჩენი და გადაიხადა დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაკისრებული საურავისა და იურიდიული დანახარჯების სახით. სამწუხაროა, რომ ეს თანხა არ მოხმარდა საქართველოს ეკონომიკას.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ რთული პროცესის მიმდინარეობისას, მოვახერხეთ ჩვენი აქტივების შენარჩუნება და განვითარება. ეს შეუძლებელი იქნებოდა მრავალი თქვენგანის თანადგომის გარეშე, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს „ჰანიველ ცემენტში“, „ლიბერთი ბანკში“, „რუსთავის ფოლადსა“ და „მაგთიკომში“, „თიბისი ბანკს“, „ბაზის ბანკს“ და რაც მთავარია „საქართველოს ბანკს“. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი კომპანიების მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენთვის ასეთ რთულ დროს, მოახერხეს რეკორდული ზრდისა და მომგებიანობის მიღწევა.
„ჰანიველ პარტნერსი“ ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს. ახლა, როცა ეს სასამართლო დავა წარსულს ჩაბარდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ჩვენი არსებული პროექტების განვითარებას, ასევე ინვესტიციებს ახალ, მაღალი პოტენციალის მატარებელ პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.