მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

„ჰეკატეს ბაღი“ - ბუნების, კულტურისა და თანამედროვე გამოცდილების ახალი სივრცე შეკვეთილში

news image
mbc image

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა.

„ჰეკატეს ბაღის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცოცხალი სათბურია, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება და სტუმრებს მათი დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა აქვთ.

სივრცის კონცეფციის, მის უნიკალურ მახასიათებლებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „სთარინგ ჯორჯიას“ სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი ციცი იაშვილი ესაუბრა.

რამდენად შეესაბამება „ჰეკატეს“ სივრცის კონცეფცია „სთარინგ ჯორჯიას“ ხედვასა და მიზნებს? რა იყო მთავარი იდეა, რომლის გარშემოც სივრცე შეიქმნა?

„ჰეკატეს ბაღის“ შექმნის იდეა ჩემთვის საქართველოს ფესვებთან დაბრუნების სურვილიდან გაჩნდა. მინდოდა შემექმნა თანამედროვე სივრცე, რომელიც საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ისტორიას განსხვავებული ფორმით მოყვებოდა. ამ ძიებამ ბუნებრივად მიმიყვანა კოლხურ სამყარომდე და კონკრეტულად მედეას ფიგურამდე.

მედეა განსაკუთრებით საინტერესო პერსონაჟია, რადგან მის გარშემო ერთიანდება თითქმის ყველა ის თემა, რომელიც მოგვიანებით „ჰეკატეს ბაღის“ კონცეფციის საფუძველი გახდა - მცენარეების ცოდნა, ბუნება, მკურნალობა, რიტუალი და ჰეკატესთან კავშირი. არსებობს მოსაზრებაც, რომელიც მედეას სახელს ტერმინ „მედიცინის“ წარმოშობას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია აკადემიურად ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის, თავად ეს ასოციაცია კარგად აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება მედეას სახე მცენარეებისა და მკურნალობის ცოდნას.

მითოლოგიურ ტრადიციაში მედეა წარმოდგენილია როგორც მცენარეებისა და მათი თვისებების განსაკუთრებული მცოდნე, ჰეკატეს ქურუმი. სწორედ ამ სამყაროში ჩნდება არესის წმინდა ჭალა და ბაღის იდეა, რომელიც ჩვენი მთავარი შთაგონება გახდა ადგილი, სადაც მცენარე, ცოდნა, ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ხვდება. აქედან გაჩნდა სახელიც - „ჰეკატეს ბაღი“.

თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ არ შეგვექმნა ანტიკური სამყაროს დეკორატიული იმიტაცია. მთავარი კითხვა სხვა იყო - როგორ შეიძლება საქართველოს უძველესი კულტურული ფესვები თანამედროვე ადამიანს თანამედროვე ენით მოვუყვეთ?

ამიტომ კოლხური მითოლოგია „ჰეკატეს ბაღში“ არა პირდაპირი ილუსტრაციებით, არამედ გამოცდილებით ცოცხლდება - ბაღითა და სათბურით, ინტერიერით, მცენარეებით, კოლხური ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაციებით, მედეას სამუშაო მაგიდითა და ჩანაწერების წიგნით, გასტრონომიით, მიქსოლოგიით, სურნელებითა და სივრცეში დამალული მცირე დეტალებით.

ეს იდეა ბუნებრივად უკავშირდება Starring Georgia-ს ხედვასაც. Starring Georgia-მ შეკვეთილი საერთაშორისო მუსიკალური მოვლენების დანიშნულების ადგილად აქცია, „ჰეკატეს ბაღი“ კი ამ გამოცდილებას კიდევ ერთ მიმართულებას მატებს - ქმნის დამოუკიდებელ მიზიდულობის ადგილს, რომლის სანახავადაც ადამიანს შეკვეთილში არა მხოლოდ კონცერტის დროს, არამედ თავისთავადაც მოუნდება ჩამოსვლა.

რით გამოირჩევა „ჰეკატე“ სხვა მსგავსი ობიექტებისგან? რა არის მისი მთავარი უნიკალური მახასიათებელი და რა გამოცდილებას სთავაზობს ის სტუმრებს?

„ჰეკატეს ბაღის“ მთავარი განსხვავება ალბათ ის არის, რომ რთულია მას ერთი კონკრეტული ფუნქცია მიაკუთვნო. ეს არ არის უბრალოდ რესტორანი, ბაღი, სათბური, ბარი ან მაღაზია - თითოეული მათგანი ერთი საერთო ისტორიისა და გამოცდილების ნაწილია.

ამ ისტორიის ცენტრში მცენარეთა სამყაროა. მცენარეები აქ მხოლოდ დეკორაციას არ წარმოადგენს - ისინი სივრცის ერთ-ერთი მთავარი „მასალაა“ და კონცეფციის თითქმის ყველა მიმართულებას განსაზღვრავს.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სათბურია, სადაც სხვადასხვა დეკორატიულ მცენარეს ვზრდით. სტუმარს შეუძლია შევიდეს სათბურში, დააკვირდეს მცენარეების ზრდის პროცესს, შეარჩიოს სასურველი მცენარე, შეიძინოს და თან წაიღოს. ძალიან მოგვწონს იდეა, რომ ჰეკატეს გამოცდილება სივრციდან გასვლისას არ მთავრდება და მისი პატარა ნაწილი სტუმარს სახლში მიჰყვება.

სათბურშივე დგას სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომლის ზედაპირიც ხელით მოხატული კერამიკული ფილებითაა დაფარული და ძველი კოლხური ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სივრცეში ასევე გვხვდება კოლხი მედეას სამუშაო მაგიდა და მისი ჩანაწერების წიგნი, რომელიც ამავე დროს სტუმრების შთაბეჭდილებების წიგნიცაა - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასში საკუთარი ჩანაწერი დატოვოს და ამით თავადაც გახდეს ბაღის მუდმივად განვითარებადი ისტორიის ნაწილი.

იგივე ბოტანიკური ხაზი გრძელდება მიქსოლოგიურ ბარში, სადაც სასმელების შექმნის მთავარი შთაგონება მცენარეები, ბალახები, ყვავილები და ხილია; გასტრონომიულ მიმართულებაში და ჰეკატეს პატარა მაღაზიაში, სადაც წარმოდგენილია ჩაის კოლექცია, დილისა და საღამოს მცენარეული თაიგულები, არომატული სანთლები, სხეულის ლოსიონი და ბაღისთვის შექმნილი სხვა პროდუქტები.

ინტერიერის დიზაინზე ბელგიურმა დიზაინ-სტუდია Sempre-მ იმუშავა. ჩვენი მიზანი იყო თანამედროვე სივრცის შექმნა, რომელშიც ბუნებრივი მასალები, ხელით შექმნილი დეტალები, მცენარეები და კოლხური კულტურის მინიშნებები ერთმანეთს ორგანულად უკავშირდება.

საბოლოოდ, „ჰეკატეს ბაღის“ მთავარი უნიკალურობა ჩემთვის სწორედ მთლიან გამოცდილებაშია. სტუმარი აქ მხოლოდ საჭმელად ან სასმელად არ მოდის - შეუძლია იაროს ბაღში, აღმოაჩინოს დეტალები, შევიდეს სათბურში, შეარჩიოს მცენარე, გაეცნოს მედეას ისტორიას, დატოვოს საკუთარი ჩანაწერი, დააგემოვნოს მცენარეებით შთაგონებული სასმელები და უბრალოდ გაატაროს დრო გარემოში, რომელსაც თავისი ამბავი აქვს.

მინდა, რომ ჰეკატეს ბაღიდან ადამიანს მხოლოდ ლამაზი სივრცის შთაბეჭდილება კი არა, აღმოჩენის განცდა გაჰყვეს.

რა სიახლეებს შესთავაზებს მომავალში „ჰეკატე“ მომხმარებლებს?

„ჰეკატეს ბაღი“ თავიდანვე ჩავიფიქრეთ როგორც ცოცხალი სივრცე, რომელიც მუდმივად შეიცვლება და განვითარდება. ამიტომ გახსნა ჩვენთვის პროექტის დასრულება არ ყოფილა - პირიქით, სწორედ აქედან დაიწყო მისი შემდეგი ეტაპი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვორქშოპების სერია - „ჰეკატეს ბაღის მისტერიები“, რომელიც უკვე დავიწყეთ. გვინდა, ჰეკატე გახდეს ადგილი, სადაც მცენარეებთან, არომატებთან, ბუნებასთან, ხელსაქმესა და სხვადასხვა შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული გამოცდილებები რეგულარულად გაიმართება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა სათბური. სტუმრებისგან უკვე ვხედავთ დიდ ინტერესს მცენარეების მიმართ და გვინდა, ეტაპობრივად გავზარდოთ როგორც მათი ასორტიმენტი, ისე მთლიანად ეს მიმართულება. ჩვენი მიზანია, მომავალში სათბური ჰეკატეს ბაღის ერთ-ერთ ძლიერ და დამოუკიდებელ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

ასევე ვმუშაობთ Hecate’s Garden-ის საკუთარი პროდუქციის განვითარებაზე. დღეს უკვე გვაქვს ჩაის ასორტიმენტი, დილისა და საღამოს მცენარეული თაიგულები, სხეულის ლოსიონი, არომატული მცენარეებით შევსებული ტომსიკები და სანთლები. მომავალში გვინდა ეს კოლექცია მნიშვნელოვნად გავაფართოოთ და შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჰეკატეს ბაღის გამოცდილების სახლში წაღების შესაძლებლობას მისცემს სტუმარს.

განვითარდება გასტრონომიული და მიქსოლოგიური მიმართულებებიც - სეზონების, ბაღში მოყვანილი მცენარეებისა და ახალი ინგრედიენტების შესაბამისად.
ბაღი ბუნებრივად იცვლება სეზონებთან ერთად და გვინდა, ჰეკატეს პროგრამაც ამავე პრინციპით ცხოვრობდეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ჰეკატეს ბაღში, რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდეს და რაღაც ახალი აღმოაჩინოს.

საბოლოოდ, სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების მთავარი პრინციპი - ყოველთვის არსებობდეს ახალი მიზეზი ჰეკატეს ბაღში დასაბრუნებლად.

Starring Georgia-ს კიდევ ერთი პროექტი - „ჰეკატეს ბაღი“ კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს იმ იდეას, თუ როგორი ტურისტული და სოციალური სივრცეების შექმნა გვინდა საქართველოში. მუსიკოსთა პარკთან და სხვა ახალ სოციალურ სივრცეებთან ერთად, „ჰეკატეს ბაღი“ აერთიანებს ბუნებას, კულტურას, მითოლოგიასა და თანამედროვე დასვენების გამოცდილებას.

ჰეკატეს, როგორც ბუნებასთან და მცენარეულ სამყაროსთან დაკავშირებული უძველესი ქალღმერთის, სიმბოლური სახე ამ სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთ დიდ იდეას ემსახურება - გურიაში და მთლიანად საქართველოში ჩამოვაყალიბოთ დასვენების ახალი კულტურა და ისეთი კურორტის მოდელი, სადაც ბუნება, კულტურა, მუსიკა და ადამიანებისთვის შექმნილი სოციალური სივრცეები ერთმანეთთან ბუნებრივად თანაარსებობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი

04.09.2026.19:00

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.

ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.

ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.

როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?

მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.

ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.

რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.

პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.

მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.

ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?

2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.

ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.

თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა