„ჰერბია“ ასორტიმენტის გაფართოებას და წარმოების ზრდას გეგმავს
„ჰერბია“ ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი პროდუქტების განვითარებას აგრძელებს. კომპანია ნოემბერ-დეკემბერში ბაზარზე რამდენიმე ახალ პროდუქტს წარადგენს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე ესაუბრა.
„ჰერბიას“ დაარსებიდან 20 წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვების დინამიკა სტაბილურად მზარდია. პირველი 10 წლის განმავლობაში კომპანია გაყიდვებს თითქმის აორმაგებდა, ბოლო 10 წელია კი გაყიდვების 20-25%-იან ზრდას ინარჩუნებს. შესაბამისად, არც 2025 წელი და არც წინა პერიოდი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა - კომპანია გაყიდვებს სტაბილურად, 20-25%-ის ფარგლებში ზრდის.
„ჰერბია“ სრულ საწარმოო ჯაჭვს აერთიანებს, რაც მოიცავს პირველადი წარმოების ეტაპს, ძირითადად, კომპანიის კუთვნილ სასათბურე მეურნეობებში, ასევე პროდუქციის მოვლა-შენახვას, შეფუთვას, გადამუშავებას, ლოჯისტიკას, დისტრიბუციასა და საბოლოო ეტაპზე მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებას. ეს საკმაოდ რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია.
მოთხოვნა კომპანიის პროდუქციაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული წარმოების მოცულობა. თუმცა წარმოებისა და მიწოდების გაზრდა საწარმოო ჯაჭვის ყველა კომპონენტის შესაბამისი მოცულობით გაფართოებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მომდევნო წლის გეგმებზე მუშაობა უკვე წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში იწყება. შესაბამისად, „ჰერბია“ მიმდინარე წელსაც დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში გაყიდვების ზრდას ელოდება.
კომპანია ბაზარზე მუდმივად ახალი პროდუქციით შედის - როგორც ახალი სახეობებით, ისე უკვე არსებული პროდუქციის გადამუშავებული ვერსიებით. „ჰერბიასთვის“ სეზონი კალენდარული წლის დასაწყისიდან არ იწყება და ახალი სეზონისთვის მზადება უკვე შემოდგომაზე იწყება. შესაბამისად, ნოემბერ-დეკემბერში, როგორც ყოველ წელს, მომხმარებლებს ახალი პროდუქტები შეემატებათ.
უკვე რამდენიმე წელია, „ჰერბია“ გარეცხილი პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებას ავითარებს, მათ შორის ბოსტნეულისა და მწვანილეულის, ასევე სხვადასხვა მიქსის მიმართულებით. კომპანიამ ეს პროდუქცია ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შემოიტანა და მას შემდეგ მუდმივად აუმჯობესებს როგორც ტექნოლოგიას, ისე პროდუქტის გემოვნურ მახასიათებლებს. ამ პროცესში გამოყენებულია იტალიური, ესპანური და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ქართულ გემოვნებასა და მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგო. გადამუშავების მიმართულებით კომპანიამ პესტოებისა და სოუსების რამდენიმე სახეობა უკვე წარმოადგინა, ასევე მომზადებულია მიქსების რამდენიმე ვერსია. დამატებითი ახალი ვერსიები კი ბაზარზე ნოემბერ-დეკემბერში გამოჩნდება.
სამომავლო განვითარების მიმართულებით, „ჰერბიამ“ მიმდინარე წელს დამატებით 1 ჰექტარი სათბური შეიძინა, რაც კომპანიას ასორტიმენტის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების საშუალებას მისცემს. ამას დაემატება ახალი ტექნოლოგიური ხაზები, რომლებიც წარმოებაში ჩაერთვება. ამასთან, კომპანიის პარტნიორი ფერმერები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რაც მომავალში გაყიდვების მოცულობისა და ზრდის ტემპის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.
კომპანიის მიზანია, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ეტაპობრივად ჩაანაცვლოს. „ჰერბია“ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას ყიდის და წლების განმავლობაში ტრადიციაზე დაფუძნებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. კომპანიის ასორტიმენტში იშვიათად ხვდება პროდუქტი, რომელიც საქართველოში არ არის მოყვანილი, ამიტომ „ჰერბია“ ცდილობს, ეს პრინციპი მომავალშიც შეინარჩუნოს.
ინფორმაციისთვის, კომპანია სერტიფიცირებულია Global G.A.P.-ისა და GEO G.A.P.-ის სტანდარტით. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ ხარისხსა და სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. საქმიანობა ხორციელდება HACCP-ის სისტემის შესაბამისად.
სხვა სიახლეები
რკინიგზის მენეჯმენტი მუშაობს იმაზე, რომ შეიძინონ დამატებით ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოკომოტივები, უნდა განახლდეს სავაგონო პარკი - ჯემალ ინაიშვილი
17.09.2026.10:30
რკინიგზის მენეჯმენტი მუშაობს იმაზე, რომ შეიძინონ დამატებით ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოკომოტივები, უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, - ამის შესახებ „თბილისის მშრალი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ აღმოვჩნდით, სამწუხაროდ, მოუმზადებელი ამ მდგომარეობისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა ანაკლიის ნავსადგური ან ფოთის ახალი ნავსადგური. ახალი ფოთის ნავსადგური უნდა აშენებულიყო. დღეს არცერთი არ არის და, რა თქმა უნდა, უნდა მომხდარიყო რკინიგზის სერიოზული მოდერნიზაციაც. არც ერთი და არც მეორე, სამწუხაროდ, დღემდე სრულად არ განხორციელებულა.
რკინიგზის ახალი ხელმძღვანელობა კარგი გეგმებით მოვიდა და ისინი უკვე მუშაობენ იმაზე, რომ დამატებით შეიძინონ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოკომოტივები. უნდა განახლდეს სავაგონო პარკიც, მაგრამ მე აქვე დავამატებდი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის მონაწილეობა ამ ყველაფერში. იმიტომ, რომ ყაზახეთის რკინიგზაზე უკვე დიდი ხანია დასაშვებია როგორც ლოკომოტივების, ისე სავაგონო პარკის კერძო მფლობელობა.
ამიტომ, ამის გარეშე ვერ განვითარდება ვერც ჩვენი რკინიგზა და უნდა მიეცეს საშუალება კერძო ოპერატორებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ძალებით, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად შევიძინოთ პლატფორმები. ჩვენ არ გვჭირდება ეს ბიუროკრატიული პროცესები და ეს ჩვენი ტვირთებისთვის გვჭირდება. ჩვენ არ ვუწევთ რკინიგზას კონკურენციას, რომ დავიწყოთ ვიღაცის ტვირთის გადაზიდვა. ჩვენ იმდენი ტვირთი გაგვაჩნია, რომ, სამწუხაროდ, ამის ტრანსპორტირება რკინიგზის მეშვეობით დღეს უკვე ძალიან გაჭირდა.
ვინაიდან, როგორც გითხარით, ძალიან დიდი ზეწოლა არის შუა დერეფანზე და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნავსადგურებსა და რკინიგზაზე მოდის, პირველ რიგში. თვითონ ეს დარგი და ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა ხმამაღლა ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ დარგი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა", - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.