„ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია – ახალი სათბურები და ასორტიმენტი
კომპანია ჰერბია • Herbia, რომელიც ადგილობრივ ბაზარს მრავალი სახეობის მწვანილით ამარაგებს, გაფართოვდა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, დავით ჯანელიძემ, განაცხადა, „ჰერბიამ“ საკუთარი სათბურები 1 ჰა-ით გაზარდა და ამ დროისათვის აქვს 15 ჰექტარზე გაშენებული სასათბურე მეურნეობა, მისივე შესაფუთი, გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურით.
„სულ ახლახან ჰერბიამ საკუთარი სასათბურე მეურნეობა 1 ჰექტარით გაზარდა. ჩვენ სათბურების დამატებასა და ზოგადად გაფართოებას ყოველწლიურად ვახდენთ. ყოველ წელს გვაქვს ზრდა პირველად წარმოებაში და ასევე შესაფუთ წარმოებაშიც“, – განმარტავს დავით ჯანელიძე.
ამ დროისათვის „ჰერბიას“ ქსელებში 25-მდე დასახელების პროდუქტი შეაქვს, თუმცა რამდენიმე თვეში ასორტიმენტის გაფართოებასაც აპირებს.
„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 25-მდე პოზიცია. თითქმის ყველა სუპერმარკეტში ვართ წარმოდგენილები. ჭარბი მოთხოვნის ფონზე, პირველადი წარმოება რაოდენობრივად არ გვყოფნის. „ჰერბიას“ პროდუქტებზე მართლაც, რომ დიდი მოთხოვნაა. პარტნიორ სავაჭრო ქსელებს ვამარაგებთ, მაგრამ იქაც კი გვიჭირს სრული მომარაგება მაღალი მოთხოვნის ფონზე.
ასორტიმენტის გაზრდას ვფიქრობთ. განვიხილავთ ისეთი პროდუქტების დამატებას, მაგალითად, როგორიც არის გარეცხილი სალათები. მსგავსი პროდუქტები ევროპაში ძალიან პოპულარულია. ამ მიმართულებით გვაქვს ერთი პოზიცია, მაგრამ ახლა უფრო მრავალფეროვანი გვექნება, მათ შორის, იქნება მაგალითად ბეიბი ისპანახი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის და იქნება გარეცხილი სახით წარმოებაში“, – განმარტავს „ჰერბიას“ თანადამფუძნებელი.
ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანას „ჰერბია“ გაზაფხულის ბოლოსთვის გეგმავს.
გარდა საკუთარი სათბურებისა, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს 500-მდე პარტნიორ ფერმერთან, რომლებიც პროდუქციას „ჰერბიას“ აგრონომების მუდმივი მეთვალყურეობისა და კონსულტაციის პირობებში აწარმოებენ, რეალიზაციას კი სრულად შპს ჰერბია უზრუნველყოფს.
„ჰერბიაში“ დასაქმებულია 300-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი, რითაც კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში.
კომპანია სერტიფიცირებულია Global G.A.P.-ისა და GEO G.A.P.-ის სტანდარტით. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ ხარისხსა და სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. საქმიანობა ხორციელდება HACCP-ის სისტემის შესაბამისად.
სხვა სიახლეები
მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას - „თიბისი კაპიტალის" დირექტორი ოთარ შარიქაძე
29.05.2026.20:41
მოხდა ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეფასებისას.
მისი თქმით, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსებამ, დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორთა შორის.
„თიბისი კაპიტალი", როგორც ლიდერი საინვესტიციო ბანკი, ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში, როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ საკმაოდ დიდი ინტერესი, განსაკუთრებით, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მყიდველების 65% სწორედ უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები არიან. ჩანს, რომ ეს კომპანიები და ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს და ყიდულობენ არა მხოლოდ ევროობლიგაციებს, არამედ უკვე ქართულ ფასიან ქაღალდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული კაპიტალის ბაზარი ვითარდება და უფრო და უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მსგავს ინვესტორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
მან ფინანასთა სამინისტროს გუნდს მოულოცა წელს ევრობონდების შემდეგ განხორციელებული მეორე ტრანზაქცია და აღნიშნა, რომ ტრანზაქციის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ.