HSC Group Hospitality-ის 2026 წლის პირველი 6 თვე - გიორგი დოლიძე კომპანიის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე
2026 წლის პირველი ნახევარი HSC Group Hospitality-ისთვის მაღალი დატვირთულობით, ახალი პროექტებითა და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გაფართოებით გამოირჩეოდა. თბილისში სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 80%-ს მიაღწია, ბათუმში კი კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 40 000-მდე ტურისტს უმასპინძლა. კომპანიის დირექტორი გიორგი დოლიძე Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებზე, ბაზრის ძირითად ტენდენციებსა და წლის მეორე ნახევრის გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით კომპანიის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის იყო საამაყო შედეგებისა და სამომავლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის პერიოდი. თბილისში 6 თვის საშუალო დატვირთულობამ ჩვენს შემთხვევაში 80% - ს მიაღწია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიკური სეზონის მაჩვენებლები, რომელიც ფაქტიურად მაისიდან დაიწყო და მას შემდეგ 90%-95% დატვირთულობით ვმუშაობთ. საერთო ჯამში, წლის პირველ ნახევარში, ვუმასპინძლეთ 12 000 მდე ტურიტს, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ თავიანთი სასტუმროსა და ქვეყნის შესაბამისი დონით პოზიციონირებისა და სტუმრის კმაყოფილებისთვის.
2026 წლის გაზაფხულიდან, ფაქტიურად სრული მზადყოფნის რეჟიმში გაეშვა ჩვენი პროექტი ბათუმში, რომელიც 795 მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ტიპის აპარტამენტს აერთიანებს და მაღალი სეზონის დადგომისთანავე, გუნდის სწორი სტრატეგიების შედეგად, აქტიური წინასწარი გაყიდვებისა და მარკეტინგის წარმოებით, მივიღეთ მოლოდინს გადაჭარბებული შედეგები, რომელიც საშუალოდ 80%-90% დატვირთულობით გამოიხატება. ჯამში, დღემდე ბათუმში ვუმასპინძლეთ 40 000 მდე ტურისტს.
2026 წლის დასაწყისში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კახეთში, გურჯაანის რაიონ სოფელ ვაჩნაძიანში მაღალი კატეგორიის რეზორტული ტიპის სასტუმროს პროექტის საკონსულტაციო მომსახურება და მისი გახსნისთვის მომზადება. გამომდინარე იქიდან, რომ დღითიდღე ჩვენი ქვეყანა ვითარდება, იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, იზრდება ტურისტული ვიზიტების რაოდენობები, ემატება ახალ-ახალი ფრენები, იზრდება ქვეყნის დამაჯერებლობა, მიმზიდველობა და ბრენდის პრესტიჟი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე და ყოველწლიურად გვემატება ათეული ახალი სასტუმროს საერთაშორისო ბრენდი, პროცესში გადავწყვიტეთ, რომ კახეთს სჭირდებოდა კიდევ მეტი ბრენდული სასტუმრო ინფრასტრუქტურა, სტანდარტების შეტანა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება. შესაბამისად, ჩვენი და Capitol HPS - ის (BWH - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) აქტიური პარტნიორობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეფორმებინა საფრანჩიზო შეთანხმება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდთან - Best Western Hotels & Resort - თან, რის შედეგადაც ჩვენს პროექტს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფასეულობა, რაც Best Western Premier - ის ბრენდის ჩვენს პროექტში შემოსვლას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩვენი სასტუმრო იქნება რიგით მესამე საერთაშორისო ბრენდი რეგიონში, ხოლო გურჯაანის რაიონში კი - პირველი. ობიექტი წარმოადგენს რეზორტული ტიპის, მაღალი კლასის, 51 ნომრიან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდს, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სარეკრეაციო და გასართობი ზონები, ჩოგბურთის კორტები, ივენთების ღია და დახურული სივრცეები, ტერასა, რესტორანი, ლაუნჯი, ღია აუზი და ა.შ. პროექტის გახსნა 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
კახეთისთვის ბრენდული სასტუმრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმის მეტი პოპულარიზაციის, მეტი საერთაშორისო სტუმრის მოზიდვის, რაიონის განვითარების, მომსახურების დონის ამაღლებისა და დასაქმების კუთხით.
აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას Lagoon Resort – ის პროექზე, სადაც Hilton - ის ბრენდში შემავალი ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის სასტუმრო კეთდება, ასევე, BlueSky Tower - ში Holiday Inn - ის ბრენდის სასტუმროს პროექტზე. პარალელურად გვაქვს სხვადასხვა მიმდინარე პროექტები, სადაც ასევე საერთაშორისო ბრენდებთან ვაწარმოებთ საფრანჩიზო შეთანხმებების მოლაპარაკებს, სტანდარტების დანერგვას და ა.შ.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ დამაიმედებელი და პოზიტიურია. გაზრდილია როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე შემოსავლები. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპების შესაბამისად, იზრდება სასტუმროს გამოცხადებული ფასებიც მიუხედავად კონკურენციისა. 2025 და 2026 წლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა, როგორიცაა ახალი ფრენები ახალი მიმართულებებიდან, ქვეყნის ბრენდინგმა, მარკეტინგულმა კამპაიებმა, სხვადასხვა გამოფენებში სწორმა პოზიციონირებამ სწრაფი შედეგები მოიტანა. გვაქვს დატვირთულობის რეკორდული მაჩვენებლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასტუმრო ბიზნესისთვის. უამრავმა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე გამომცემლობამ თუ პლატფორმამ საქართველო დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად სასურველი მიმართულობა სამოგზაუროდ ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მრავალფეროვან ლოკაციად არაერთხელ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე, არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო დონის არტისტების მონაწილეობით, რაც ერთ მთლიანობაში ჩვენი ქყვეყნისთვის ქმნის დამაჯერებელ იმიჯს და აპოზიციონირებს, როგორც პრესტიჟულ და მიმზიდველ დესტინაციად. მნიშვნელოვნად გაზრდილია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები ევროპიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან, მეზობელი ქვეყებიდან, ისრაელიდან, ემირატებიდან და სხვადასხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი წერტილებიდან. ყოველწლიურად გვემატება საერთაშორისო ბრენდული ახალი ობიექტები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს, ქმნის ერთგვარ სტანდარტს და ხელს უწყობს რეგიონებისა და ქალაქების განვითარებას.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
ჩვენთვის 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, მთავარი ფოკუსია, შევინარჩუნოთ აღნიშნული მაღალი, რეკორდული დატვირთულობა სექტემბრის ბოლომდე, რომელიც უტოლდება 90% - ს, ხოლო ოქტომბრიდან წლის დასრულებამდე ვპროგნოზირებთ საშუალოდ 70% - ს. მთავარი ფოკუსია, თითოეული ჩვენთან მოსული სტუმარი გავუშვათ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და თან გავატანოთ პოზიტიური ემოციები, რომელიც, თავისმხრივ, პირდაპირ გავლენას იქონიებს სამომავლოდ უკან დაბრუნებული ტურისტების რიცხვსა და მათი მხრიდან სამეგობროში რეკომენდაციების შეგედად ჩამოსულ სხვა უამრავი დამსვენებლის რაოდენობაზე. ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას არსებული პროექტების დასრულების, ახალი ობიექტების მოძიებისა და სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის კუთხით. ვაგრძელებთ სტაბილურ ზრდას, ვზრუნავთ ჩვენს გუნდსა და თითოეულ თანამშრომელზე, რომ მუდმივ რეჟიმში ჰქონდეთ მოტივაცია, კარგი სამუშაო გარემო, პირობები და მზარდი ანაზღაურება სხვა ბენეფიტებთან ერთად.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
ვფიქრობ, 2026 წელს დავხურავთ საშუალო 80% - იანი დატვირთულობით, რაც იქნება ჩვენთვის ისტორიული მაქსიმუმი. უკვე დაწყებული გვაქვს 2027 წლის წინასწარ ჯავშნებზე მუშაობა და მინდა ვთქვა, რომ ტენდენციები ძალიან კარგია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მცირე ჩავარდნის, რომელიც ეხებოდა 2026 წლის გაზაფხულს (მარტი თვიდან აპრილის ნახევრამდე), რაც იყო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გამწვავებული სიტუაცების შედეგი, მაქსიმალურად ვეცადეთ სწრაფად მოგვეხდინა ადაპტირება ამ გამოწვევისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარი, გვაქვს სხვადასხვა ახალი მიმართულებიდან პირდაპირი ფრენები, გახსნილია ძალიან ბევრი სიანტერესო ლოკაციიდან წვდომა პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე, მაინც შევძელით ლავირება და ვფიქრობ, 2026 წელი გასულ 2025 წელს შემოსავლებისა და ნაკადების კუთხით საშუალოდ 8%-10% - ით გადააჭარბებს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ისრაელი და ემირატები არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია, საიდანაც შემოდის ტურისტული უმნიშვნელოვანი მასა და მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, როდესაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პერიოდულად იყო ჩავარდნები სეზონის წინ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საბედნიეროდ ეს შეფერხებები იყო კონკრეტულ პერიოდებზე და ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - „აგრითაჩის“ დამფუძნებელი
24.08.2026.16:00
2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.
როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.
ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.
2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.
ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.
როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?
ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.
2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.
ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.
რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.
გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.
ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.