მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

„ჰუმანური კუნძული“ - სივრცე, რომელიც ბავშვების განვითარებასა და წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება

news image
mbc image

„ჰუმანური კუნძული“ საგანმანათლებლო და კულტურული პლატფორმაა, რომელიც ახმეტის რეგიონში, მცხოვრებ ბავშვებს ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღირებულებებზე ორიენტირებულ არაფორმალურ განათლებას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და მასწავლებელს ნატა მარუქაშვილს ესაუბრა.

როგორ შეიქმნა „ჰუმანური კუნძულის“ იდეა და რა მიზანს აერთიანებს პლატფორმა?

„ჰუმანური კუნძულის“ შექმნის იდეა ჰუმანური პედაგოგიკის პროგრამაში მონაწილეობისას დაიბადა. თავდაპირველად ყველაფერი ჩემს სახლში მოქმედი წიგნიერების კლუბით დაიწყო, მოგვიანებით კი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცედ და ბიბლიოთეკად ჩამოყალიბდა.

დღეს „ჰუმანური კუნძულის“ მთავარი მისიაა, რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლება და განვითარების შესაძლებლობები შესთავაზოს.

რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და რა ტიპის აქტივობებს სთავაზობთ საზოგადოებას?

„ჰუმანური კუნძული“ ამ ეტაპზე რამდენიმე ძირითად საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებას აერთიანებს. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ხშირად ვაკეთებთ სოციალურ პროექტებს - უფასო აქტივობებს, ან მინიმალური ანაზღაურებით.

აკადემიური და სააზროვნო კლუბები (7-17 წლამდე): ჩვენთან ფუნქციონირებს წიგნიერების, მათემატიკური აზროვნებისა და ინგლისური ენის კლუბები. ჩვენი მიზანია, ბავშვმა თავად აღმოაჩინოს ცოდნის სიხარული, გაუჩნდეს თვითგანვითარების სურვილი.

ინოვაციური „ისტორიის კლუბი“ (8+ ასაკის ბავშვებისთვის): ეს არის ჩვენი სოციალური პროექტი, სადაც ფაქტებისა და თარიღების ზეპირების ნაცვლად, ისტორიულ მოვლენებსა და ეპოქებს როლური თამაშებით და სხვადასხვა აქტივობებით „ვაცოცხლებთ“. ბავშვები თავად ხდებიან ეპოქის მონაწილეები.

ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და არტ-თერაპია: მოწვეული გვყავს პროფესიონალი არტ-თერაპევტი, რომელიც ბავშვებთან ერთად შემოქმედების - ხატვის, ძერწვისა და მეტაფორული ბარათების საშუალებით მუშაობს. ეს არის გზა, რომლითაც ბავშვები სძლევენ შინაგან შიშებსა და კომპლექსებს, სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას და თავდაჯერებულობას, რაც მათ თვითშეფასებას ამაღლებს.

ჩვენი პლატფორმა მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის, ის მთელს მატანს აერთიანებს. გვაქვს კინოკლუბი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, სადაც ფილმების ჩვენების შემდეგ ერთად ვსხდებით და სიღრმისეულად ვმსჯელობთ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე.

გარდა ამისა, პერიოდულად ვაწყობთ შემოქმედებით, მუსიკალურ და პოეზიის საღამოებს. ჩვენი უმთავრესი სოციალური მისიაა, ერთი მხრივ, წარმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები, ხოლო მეორე მხრივ - აღვადგინოთ ის რეალური, თბილი ურთიერთობები, რომლებიც დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სამწუხაროდ, დავიწყებას ეძლევა.

ასევე, ბავშვებთან ერთად ვწერთ პოდკასტებს, სადაც ისინი თავად საუბრობენ წიგნებზე, პერსონაჟებსა თუ საკუთარ ინტერესებზე. აქ ორი უმთავრესი მიზანი გვაქვს: პირველი - მოზარდმა რეალურად იგრძნოს, რომ მას უსმენენ და მისი აზრი ფასეულია. მეორე კი - პრაქტიკაში შეიძინოს 21-ე საუკუნის ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარები, როგორებიცაა თვითგამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობა და საჯარო გამოსვლის ხელოვნება.

რას ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპები და რატომ არის ეს მიდგომა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ჩემთვის ჰუმანური პედაგოგიკა (რომლის ფუძემდებელია აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი) არ არის უბრალოდ თეორია ან სწავლების მეთოდი. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ჩემს ხასიათსა და მსოფლმხედველობასთან.

დღეს მასწავლებლები და მშობლები უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ძველი, ავტორიტარული, ბრძანებებზე და მორჩილებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა აღარ მუშაობს და ამას ყველა ვხედავთ. ამ მიდგომამ ბავშვებს სწავლის მიმართ ინტერესი დაუკარგა. დღევანდელ მოზარდს სჭირდება ცოცხალი, ნამდვილი ადამიანი.

„ჰუმანურ კუნძულზე“ ბავშვს აღვიქვამთ, როგორც სრულფასოვან, დამოუკიდებელ ადამიანს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აირჩიონ წიგნი, რომელსაც ერთად წავიკითხავთ კლუბში, ისინი ნამდვილ თავისუფლებას განიცდიან. შესაძლოა, ეს წიგნი მათი ასაკისთვის რთული იყოს და ყასიდად ვუთხრათ კიდეც: „არა, ეს თქვენთვის ადრეა“, მაგრამ ჩვენთან ისინი თავისას გაიტანენ და ამით მათ ვუკმაყოფილებთ „დიდობის“, თავისუფლებისა და განვითარების განცდას.

ჩვენი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის. უპირველესად, ვზრუნავთ ბავშვში უმაღლესი სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების - თანაგრძნობის, სიკეთის, ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე. ამ გზაზე მხატვრული ლიტერატურა საუკეთესო მეგზურია. თუმცა, დღეს, სხვა სფეროების მსგავსად, წიგნების სამყაროსაც შემოეპარა ყალბი, ფსევდო-ფასეულობები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს გვერდით საიმედო და გულწრფელი მრჩეველი ჰყავდეს.

ყველა ბავშვს უნდა განვითარება, თუმცა, ხშირად, შეცდომის დაშვების შიშით, ბავშვი უარს ამბობს სიახლეებზე. ჩვენთან შეცდომის დაშვება არ ისჯება, ჰუმანურ პედაგოგიკაში შეცდომა სწავლის ბუნებრივი და საინტერესო ნაწილია. მაქსიმალურად ვახალისებთ კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრის თავისუფლად, შიშის გარეშე დაფიქსირებას. 

იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს და წიგნი მეგობრად გაიხადოს, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის აკეთებს ამას. ხშირად მშობლები და მასწავლებლები დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ბავშვს წიგნის კითხვას საბოლოო მიზნად ვუსახავთ. სინამდვილეში, მთავარი მიზანი ღმერთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაა, წიგნი კი მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ ნამდვილი კავშირი ჰქონდეთ ადამიანებთან, ბუნებასთან, მოუსმინონ მუსიკას, იფიქრონ და ხშირად ესაუბრონ საკუთარ თავს.

როგორია საზოგადოების ინტერესი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმართ და რა ტენდენციებს ხედავთ ამ მიმართულებით?

ტენდენცია ორგვარია. ერთი მხრივ, განათლებისა და განვითარების მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია. თუმცა, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ვხვდებით მიდგომას, როდესაც აქცენტი ბავშვის პიროვნულ, შინაგან ზრდაზე მეტად, სკოლის ნიშნებსა და აკადემიურ მოსწრებაზე კეთდება. ჩვენ ვცდილობთ, მშობლებთან ერთად, ნელ-ნელა შევცვალოთ ეს ხედვა და დავინახოთ, რომ ნიშანი არ განსაზღვრავს ბავშვის მომავალს - მას მისი რეალური უნარები და ღირებულებები აყალიბებს.

ამასთანავე, ძალიან საინტერესო მოვლენის მოწმენი ვართ: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტით ყველაფერი ხელმისაწვდომია, ჩვენმა კინოკლუბებმა და საღამოებმა დაგვანახა, რომ ადამიანებს საოცრად მოენატრათ ნამდვილი, ცოცხალი, გულწრფელი ურთიერთობები.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აქ, სოფლად, სადაც მსგავსი კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები ნაკლებია. ჩვენს გარემოს აქვს ერთი დიდი უპირატესობა: ტრადიციული დარბაზისგან განსხვავებით, სადაც მაყურებელი მხოლოდ პასიური დამკვირვებელია, აქ ყველა სტუმარი პროცესის თანამონაწილე ხდება. მნიშვნელოვანია, რომ „ჰუმანური კუნძულის“ ღონისძიებებზე სხვადასხვა თაობა ხვდება ერთმანეთს და იქმნება ერთგვარი ხიდი თაობებს შორის.

ჩვენი დარბაზი 40-ზე მეტ ადამიანს იტევს და ყოველი ღონისძიების დროს სავსეა. ეს შეხვედრები სრულიად უფასოა და ღიაა ყველასთვის, ვისაც სჭირდება ეს გარემო, შეუძლია მოსვლა.

როგორია „ჰუმანური კუნძულის“ სამომავლო გეგმები და რა ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმა და მიზანი - „ჰუმანური კუნძულის“ იდეის შენარჩუნება და გაფართოებაა. რადგან ზაფხული უკვე კარსაა მომდგარი, ჩვენი უპირველესი მიზანია, ეს პერიოდი ბავშვებთან ერთად საინტერესოდ, ფერადად და პროდუქტიულად გავატაროთ. ვგეგმავთ საგანგებო საზაფხულო კლუბების ამუშავებას. ამასთანავე, გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნება და შეხვედრების ნაწილი ღია ცის ქვეშ, თავისუფალ სივრცეში გადავიტანოთ.

რადგან „ჰუმანური კუნძულის“ საღამოებმა ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია, გვინდა, ეს ტრადიციად ვაქციოთ. ვგეგმავთ სოფელში თანამედროვე, საინტერესო მწერლების, ხელოვანებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების მოწვევას. მოვაწყობთ წიგნების პრეზენტაციებსა და ცოცხალ დისკუსიებს.

ბავშვებთან ერთად დაწყებულმა პოდკასტების სერიამ დაგვანახა, თუ რამდენი აქვთ სათქმელი მოზარდებს და რა მნიშვნელოვანია მათთვის სოციალურ პლატფორმებზე გამოჩენა. გვინდა, ეს მიმართულება ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც უფრო დავხვეწოთ და მოზარდებს დავანახოთ, რომ კომპიუტერიც და სოციალური ქსელებიც არჩევანის შესაძლებლობას გვაძლევს - შეგვიძლია ისინი სასარგებლოდ, თვითგანვითარებისთვის გამოვიყენოთ, ან საკუთარ თავს ზიანი მივაყენოთ.

ყველაზე დიდი ოცნება და გეგმა კი ის არის, რომ „ჰუმანური კუნძულის“ ბავშვები გახდნენ იმ ღირებულებების მატარებლები, რომლებიც თავად შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

02.06.2026.16:31

2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

დღევანდელი მატჩი ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრას გამართავს.

გურამ კაშია ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარების რეკორდსმენია. რუმინეთთან შეხვედრა მისთვის 129-ე მატჩი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. კაშია წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და სიმბოლო იყო, ხოლო მისი კაპიტნობით ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეროვნულ ნაკრებში კაშიას დებიუტი 2009 წელს შედგა. მას შემდეგ მან არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და საკუთარი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.

დღევანდელი შეხვედრა არა მხოლოდ საერთაშორისო ამხანაგური მატჩია, არამედ შესაძლებლობაა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადონ კაპიტანს იმ წლებისთვის, რომლებმაც ქართული ფეხბურთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა შექმნა.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ერთად გავაცილოთ გუნდის კაპიტანი.

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა