ICT სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 30%-ია | გიორგი მარიამიძე
ICT სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 30%-ია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა.
„ტექნოლოგიურ სექტორს რაც შეეხება, შეგვიძლია ცალსახად და თამამად ვთქვათ, რომ 2026 წელი საკმაოდ კარგი წელი გამოდის. როგორც ახსენეთ, უკვე 10 თვე გვაქვს გასული და, პრინციპში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა, როგორც მშპ-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.
მის კონტრიბუციას რომ შევხედოთ, ICT სექტორის წილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 30%-ია. დასაქმების მაჩვენებელიც იზრდება, სადაც 59 000-დან 54 000 დასაქმებულამდე გაიზარდა მაჩვენებელი და ასევე მნიშვნელოვანია საშუალო ანაზღაურებაც - სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, ამ სექტორში ის თითქმის 4 500 ლარია. თანაც, ICT უფრო ფართო სექტორია, რომელიც აიტის და საკომუნიკაციო სექტორსაც მოიცავს ერთად და ეს თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყანაში საშუალო ხელფასს.
ამიტომ ცალსახად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი წელია და ICT სექტორი ჩამოყალიბდა, როგორც ქართული ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მყარი, ძლიერი მამოძრავებელი ძალა“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.