IkoKids-მა ვორქშოფების სივრცე გახსნა
გავხსენით ვორქშოფების სივრცე ჩვენს სახელოსნოში, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული საბავშვო ბრენდის IkoKids-ის დამფუძნებელმა, ია შენგელიამ განუცხადა.
„ჩვენს სახელოსნოში გავხსენით ვორქშოფების სივრცე – IkoKids Workshops. ძირითადი ფოკუსი ბავშვებზე გვაქვს, თუმცა ინტერესს უფროსების მხრიდანაც ვხედავთ, რის გამოც მომავალში ამ მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ.

ბავშვებზე ფოკუსი მოიცავს როგორც სასკოლო ჯგუფებთან, ისე ინდივიდუალურ მონაწილეებთან მუშაობას. ასაკობრივი ზღვარი განვსაზღვრეთ 5-დან 11 წლამდე, რაც განპირობებულია იმით, რომ ვორქშოფების თემატიკა გარკვეულ უნარებსა და კონცენტრაციას მოითხოვს, რაც ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებულია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფებში მონაწილეები დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობების იყვნენ, რათა პროცესი მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული იყოს ყველასთვის.
ასევე ვგეგმავთ, ვორქშოფებს დაბადების დღის ფორმატიც მივცეთ და სრულად წვეულების კონცეფციად ვაქციოთ. ამ ფორმატის პაკეტი მოიცავს ვორქშოფს მოწვეული სტუმრებისთვის, იუბილარისთვის სპეციალურ საჩუქარს, სივრცის სადღესასწაულო, პერსონალიზებულ დეკორაციას და ვორქშოფის ბოლოს ფოტოსესიას.

ვფიქრობთ, ეს ვორქშოფები და ადგილზე ვიზიტები მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ბრენდის ცნობადობას, ხოლო არსებული მომხმარებლები, რომლებიც უკვე გვიცნობენ, ვორქშოფების მიმართულებასაც უფრო დიდი ნდობით მიუდგებიან “, - აცხადებს ია შენგელია.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
10.09.2026.11:57
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
ჰაბის ფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლის ბოლომდე სულ სამი მიმართულებით გამოცხადდება სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის პირველია "დაპროგრამების საფუძვლები (C++)", რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: დაპროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი.
“კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” - გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.