იმედი გვაქვს, საინვესტიციო გეგმები წარმატებით განხორციელდება და სასურველ შედეგს მივიღებთ - ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების ჩამოწერაზე
ენერგეტიკის სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად პროექტების ინვენტარიზაცია სახელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, PPA-ს სქემის შეჩერების შემდეგ სექტორში გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა, რის გამოც არ არსებობდა მკაფიო სურათი მიმდინარე პროექტების რეალურ მდგომარეობაზე.
მისივე შეფასებით, მიმდინარე ეტაპზე განხორციელებულმა დეტალურმა გადახედვამ შესაძლებელი გახადა რეალისტური და არარეალისტური პროექტების გამიჯვნა მომხდარიყო, ხოლო ინვესტორებისთვის პირობების გადახედვამ, მათ შორის ჯარიმების საკითხის დარეგულირებამ, სექტორში არსებული გაურკვევლობა მნიშვნელოვნად შეამცირა და გარემო უფრო პროგნოზირებადი გახადა.
„სავალუტო ფონდის პროგრამების გაგრძელების საკითხი პირდაპირ მიება ენერგეტიკაში წამახალისებელი სქემების ამა თუ იმ მოდელს. მაშინ ვნახეთ, რომ ამ პროგრამების ბედი PPA მოდელზე იყო დამოკიდებული. როგორც ჩანს, იმ პერიოდში სავალუტო ფონდზე იმდენად ვიყავით დამოკიდებულნი, რომ იძულებულნი გავხდით PPA შეგვეჩერებინა.
შესაბამისად, 2017 წლიდან შეიქმნა სიცარიელე და მუდმივად ისმოდა კითხვა, თუ რა ბედი ეწევა იმ პროექტებს, რომლებიც მანამდე არსებობდა? ამდენი წელი გავიდა და აქამდე ამ პროექტების სრულფასოვანი ინვენტარიზაციაც კი ვერ მოვახდინეთ.
ახლა კი, ამ გუნდსა და დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობს, ნამდვილად მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გავიგეთ, რომელი პროექტებია რეალისტური.
ხოლო იმ პროექტების ნაწილზე, რომლებიც ვერ განხორციელდა, გამოვიჩინეთ კეთილი ნება - ინვესტორებს ვუთხარით, რომ თუ ისინი უარს იტყვიან პროექტის გაგრძელებაზე, მათ აღარაფერს მოვთხოვთ, არც ჯარიმას და არც სხვა სანქციას. პირიქით, დავუბრუნებთ საბანკო გარანტიას და ამით მათ შესაძლებლობა ექნებათ, ყოველგვარი შიშისა და ვალდებულებების გარეშე გააგრძელონ საქმიანობა.
დაახლოებით ნახევარი გიგავატის მოცულობის პროექტები ამოვარდა, ხოლო 1500 მეგავატი, ანუ გიგავატ-ნახევარი, ძალაში დარჩა. ჩვენ ვიცით, რომ ამ პროექტების მიმართ დღეს ინვესტორების მხრიდან ნდობა არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ესენი ძირითადად ჰიდროპროექტებია. შედარებით ძველი, 2022 წლის აუქციონებამდე დაწყებული ინიციატივები. იმედი გვაქვს, რომ რადგან ნდობა შენარჩუნებულია, ეს პროექტები წარმატებით განხორციელდება და მივიღებთ იმ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს შედეგი არის სწორედ ჰიდროელექტროსადგურები, თუ სხვა ტიპის ელექტროსადგურები აშენება და ქსელში ინტეგრაცია“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
კომპანიები აუცილებლად ადაპტირდებიან მომხმარებლის ქცევაზე - დავით ბირმანი
10.06.2026.21:02
არის მრავალმილიონიანი კომპანიები, რომელთა შესახებ ქვეყანამ ძალიან ცოტა იცის, სწორედ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და საკუთარ თავს სწორად ვერ წარადგენენ, - ამის შესახებ მარკეტერმა, დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე, მცირე გუნდებით მუშაობა ბევრ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს, თუმცა მარკეტინგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა გუნდის ზომას, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება რესურსები და შემოქმედებით პროდუქტზე გაწეული ხარჯები კამპანიის საერთო ბიუჯეტსა და მასშტაბს.
„შეიძლება განთავსების ბიუჯეტი 100 000 იყოს, ხოლო მის წარმოებაზე 1000 დოლარი ან 3000 ლარი იხარჯებოდეს, ხომ? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვინც უნდა იყოს გუნდში, ეს გუნდი ხარჯების თანაზომადი უნდა იყოს. არ შეიძლება, რამდენიმე ასეულათასიან ხარჯს ეწეოდე ისე, რომ მეორე მხარეს არავინ გყავდეს, ხომ? ანუ, ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ Aხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინცდამაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია - მე მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად, მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ კიდევ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სწორად შერჩეული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი სწორად უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში ანუ, არ იყოს ჩაკარგული, არ ჰქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა ძალიან მჭიდრო ორმხრივი კომუნიკაცია“, - აცხადებს დავით ბირმანი.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან ადაპტირება ბიზნესებისთვის აუცილებლობად იქცა, რადგან მომხმარებელთა ლოიალობა შემცირებულია, არჩევანის შესაძლებლობები კი გაფართოებული, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტსა თუ სერვისს.
„ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მერე. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორია მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე რძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებელს, ასევე სერვისის მომწოდებლებზე. ანუ ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად ბრენდებისადმი მიჯაჭვულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია. მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, მასზე მასიურად მორგებულ წინადადებებს ელის, ამიტომ ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ბირმანი.