იმერული ხაჭაპურის მომზადება ერთ თვეში 6.4%-ით გაიაფდა
2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ISET-PI ავრცელებს.
გასული წლის მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%). ამავდროულად, დაფიქსირდა ფასების კლება ინგრედიენტების ნაწილისთვის: ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში, რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ყველის ფასის ვარდნამ მოახდინა. ყველის ფასი გასულ თვესთან შედარებით 10.7%-ით, გასულ წელთან შედარებით კი 5.7%-ით შემცირდა.
2024 წლის თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის ვარდნა განპირობებულია ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობით. აღნიშნულის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი მარხვა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. ამ პერიოდში ყველისა და რძის პროდუქტების ფასები ეცემა, რადგან მარხვისას მათზე მოთხოვნა მცირდება. რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის წლიურ შემცირებას, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ცვლილებაც მეტწილად ყველის ფასების წლიურმა კლებამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ბოლო წლებში საქართველოში ადგილობრივი რძის წარმოების ზრდის ტენდენციებთან.
თვიურ ჭრილში ყველის ფასების კლება, რაც გახდა ხაჭაპურის ინდექსის შემცირების ძირითადი ფაქტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თბილისში (-15.6%), შემდეგ – ბათუმსა (-13.8%) და ქუთაისში (-13.3%). თელავში ყველის ფასები წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის ინდექსის სეზონური კლება გაგრძელდება, რადგან ყველის ფასების ვარდნა, სავარაუდოდ, საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.