იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურები გავხდეთ, საერთაშორისო ბაზარზე უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას - ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე
„აღსანიშნავია, რომ დღეს IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ თემო მაღრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, IT სექტორის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის IT ბინადრობის შესახებ კანონი, დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ამ კანონის პრაქტიკული აღსრულების მარეგულირებელი მექანიზმები შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
„ეს შედეგი დღეს არ გაჩენილა და მას საფუძვლად საინტერესო საგადასახადო შეღავათები და სხვადასხვა ინიციატივები უდევს. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გამოვყო GITA-სა და „აწარმოე საქართველოში“-ს როლი, რადგან ისინი თავის მხრივ უამრავ რამეს აკეთებენ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა გასულ წელს მიღებულ კანონს, რომელიც IT ბინადრობას ეხება და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. თუმცა, მეორე მხრივ, ის რეგულაციები, რომლებიც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე, გარკვეულ დახვეწასა და კორექტირებას საჭიროებს“, - განმარტა ასოციაციის თავმჯდომარემ.
თემო მაღრაძის განცხადებით, საქართველოს ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვისთვის უკვე აქვს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები, თუმცა ამ პოზიციების შესანარჩუნებლად რეგულაციების მუდმივი გაუმჯობესებაა საჭირო, რათა ქვეყანამ საერთაშორისო კონკურენციაში ლიდერობა შეინარჩუნოს.
„ერთი მხრივ, ეს დიდი კომპანიები მუდმივად იზრდებიან, საქართველოში მართლაც საუკეთესო საცხოვრებელი გარემო და საგადასახადო პირობებია - გვაქვს მულტინაციონალური მიდგომა, რაც ყველასთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთანავე, გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილურობა იქნება ეს ეროვნული ვალუტის კურსი თუ საერთო განვითარება - ქვეყანა წინ მიდის და ამ მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურები გავხდეთ, საერთაშორისო ბაზარზე უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ
სხვა სიახლეები
შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი
06.11.2026.19:00
მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.