იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავზე ფასს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნავთობის მსხვილი იმპორტიორები მთავრობის წარმომადგენლებს დაჰპირდნენ, რომ საწვავის ფასი კიდევ შემცირდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება.
პრემიერის განცხადებით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ რომ შედეგს გამოიღებს შეხვედრა, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.
„ნავთობის ფასებს რაც შეეხება, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს. გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს დაწესებული აქვთ, გონივრული არ არის. მათგან პირობა მივიღეთ, რომ ფასები დაიკლებს. პროცესი დაწყებულია. დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ.
ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება, მათ დაეხმარება და ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტიორების არგუმენტებიც მოვისმინეთ. საკითხი მარაგების მართვასაც შეეხო. ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.
ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ენერგოკრიზისი დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა მაღალ ფასებთან ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ვეფუძნებით და იმედი გვაქვს იმ საუბრის, რომელიც გაიმართა. იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.