იმპორტის ფაზიდან ექსპორტის ეტაპზე გადავედით - როგორ აფასებს მარიამ ჩახვაშვილი ენერგეტიკის სექტორისთვის მაისის თვეს
იმპორტის პერიოდიდან გადავედით ექსპორტის პერიოდში და საკმაოდ საინტერესო იყო მაისის თვის მიმოხილვის მომზადებაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა. ირკვევა, რომ მაისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. როგორც მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა, ექსპორტიორებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა რიგ შემთხვევებში ეკონომიკურად არამომგებიანი იყო, რადგან თურქეთში ფასი დაახლოებით 2 ცენტამდე დაეცა, რაც სხვადასხვა სავალდებულო მოსაკრებლის დონესთან ახლოს იყო.
„ჩვენ ყოველთვიურად ვაკვირდებით ენერგეტიკის სექტორს, რამეთუ აქტიური ცვლილებები მიმდინარეობს და საინტერესო დინამიკა იკვეთება, რის გამოც პერიოდულად შესაბამის პუბლიკაციას ვაქვეყნებთ. თითქოს გვსურს ხოლმე, რომ ეს დოკუმენტი სტანდარტულ ჩარჩოებში მოვაქციოთ და ერთსა და იმავე ფორმატში მოვამზადოთ, მაგრამ სექტორი იმდენად საინტერესოა და იმდენი რამ ხდება, მიგვაჩნია, რომ მაისი მაინც განსაკუთრებული თვე იყო. იმპორტის ფაზიდან ექსპორტის ეტაპზე გადავედით, რის გამოც ამ ერთთვიანი მიმოხილვის მომზადებაც კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც ვხედავთ, მაისი, ზოგადად, საექსპორტო თვეა. ჰიდროგენერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი მოცემულობა გვაქვს: ზამთრის პერიოდი - სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით - დეფიციტურია და საკმაოდ დიდ იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. ეს დეფიციტური პერიოდი სულ 8 თვეს გრძელდება, ხოლო საექსპორტოდ მხოლოდ 3 ან 4 თვე გვრჩება - მაისი, ივნისი, ივლისი და ზოგჯერ აგვისტოც. სწორედ ამიტომ, მაისის ექსპორტს ყველა მსხვილი დეველოპერი და პოტენციური ექსპორტიორი განსაკუთრებით ელოდება. თუმცა, წლევანდელმა მაისმა ისეთი რეალობა გვიჩვენა, რომ ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში - ფასები მნიშვნელოვნად იყო დავარდნილი“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, თურქეთში ელექტროენერგიის ფასი ზოგიერთ დღეს ნულთან ახლოს იყო, საშუალოდ კი 2 ცენტს შეადგენდა, რაც ექსპორტთან დაკავშირებულ სავალდებულო მოსაკრებლებს თითქმის უტოლდებოდა და ექსპორტს ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.