Incendio Events 2026 წლის პირველი ნახევრისა და სამომავლო გეგმების შესახებ
2026 წლის პირველი ნახევარი Incendio Events-ისთვის განვითარების ახალი ეტაპით, რესურსების გაძლიერებითა და ახალი მიმართულების შექმნით გამოირჩეოდა.
როგორ აფასებს Incendio Events 2026 წლის პირველ ნახევარს, როგორ იცვლება მოთხოვნა ღონისძიებების ორგანიზებასა და დიზაინზე და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის მეორე ნახევარში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Incendio Events-ის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ქეთევან სიხარულიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Incendio Events-ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს, რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები და მიღწევები?
2026 წლის პირველი ნახევარი INCENDIO EVENTS-ისთვის განვითარების ახალი ეტაპი იყო. თუ საქმიანობის საწყის ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა ბაზარზე პოზიციონირება, საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო, წელს აქცენტი უკვე მასშტაბირებაზე, შიდა რესურსების გაძლიერებასა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე გადავიტანეთ.
ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გავზარდეთ საკუთარი ტექნიკური და დეკორატიული რესურსი, შევქმენით ახალი კონსტრუქციები, დეკორაციები და გავაფართოეთ ინვენტარი. შედეგად, პროექტების უფრო დიდი ნაწილის განხორციელება საკუთარი რესურსებით შეგვიძლია. ეს მნიშვნელოვანია საოპერაციო თვალსაზრისით, ვინაიდან, როდესაც ღონისძიების ძირითადი ეტაპები ერთი გუნდის მიერ იმართება, უფრო ეფექტიანად ვაკონტროლებთ ხარისხს, ვიზუალურ მთლიანობასა და დეტალების შესრულებას.
ამასთან, კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი საქორწილო მიმართულება. განსაკუთრებით საინტერესოა ის ცვლილება, რომ წყვილები სულ უფრო ხშირად გვრთავენ პროცესში დაგეგმვის ადრეული ეტაპიდან. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ღონისძიების დიზაინით, ჩვენ ვმუშაობთ საერთო კონცეფციაზე, სივრცის დაგეგმარებაზე, ცერემონიის დიზაინზე, სტუმრების მიღების სივრცეებზე, ფლორისტიკაზე, ღონისძიების დღის გეგმასა და უშუალოდ კოორდინაციაზე.
წლის პირველი ნახევრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად ჩვენი საქმიანობის ახალი მიმართულებით გაფართოებას მივიჩნევთ. სწორედ ამ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა ახალ ბრენდზე - JARDIN D’INCENDIO (ჟარდენ ინსენდიო)-ზე, რომელიც INCENDIO EVENTS -ის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებისა და ფლორისტიკის მიმართულებით ჩვენი ხედვის განვითარების შედეგად შეიქმნა.

შესაბამისად, წლის პირველი ექვსი თვის მთავარ შედეგად არა მხოლოდ განხორციელებულ პროექტებს, არამედ იმ საფუძვლის შექმნას მივიჩნევთ, რომელიც INCENDIO EVENTS-ს ეტაპობრივი ზრდისა და ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა ღონისძიებების ორგანიზების სერვისებზე წლის დასაწყისიდან და რა ტიპის ღონისძიებებზე ფიქსირდება ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საქორწილო ღონისძიებებზე ფიქსირდება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება თავად მომხმარებლის მოთხოვნის შინაარსი.
მომხმარებლები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ღონისძიების ინდივიდუალურობას. სულ უფრო იშვიათია მოთხოვნა მხოლოდ კონკრეტული დეკორის ან უკვე არსებული ვიზუალური გადაწყვეტის გამეორებაზე. წყვილებს სურთ, რომ ქორწილი მათ ხასიათს, ისტორიასა და ესთეტიკურ ხედვას ასახავდეს - დაწყებული ლოკაციისა და ფერთა პალიტრის შერჩევიდან, დასრულებული მცირე პერსონალიზებული დეტალებით.

შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ღონისძიების სრულ დაგეგმვასა და დიზაინზე. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ერთ გუნდთან თანამშრომლობა, რომელსაც შეუძლია დაინახოს პროექტის სრული სურათი და ერთმანეთთან თანმიმდევრულად დააკავშიროს სივრცე, დეკორი, ფლორისტიკა, ცერემონია, სტუმრების მიღება და ღონისძიების დღის საორგანიზაციო ნაწილი.
ქორწილების გარდა, აქტიურია მოთხოვნა ნიშნობის, დაბადების დღის, ნათლობის, კერძო და კორპორაციული ღონისძიებების მიმართულებითაც.
ცალკე აღსანიშნავია Destination Wedding-ების მიმართულება. საქართველო უცხოელი წყვილებისთვის საინტერესო საქორწილო მიმართულებად რჩება და ჩვენი მიზანია, ამ სეგმენტზე მუშაობა ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
ჩვენი დაკვირვებით, დღეს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ღონისძიება ფოტოებსა და ვიდეოში, არამედ სტუმრის გამოცდილებაც, თუ როგორ არის ორგანიზებული სივრცე, რამდენად კომფორტულია სტუმრების გადაადგილება, როგორ ვითარდება ღონისძიება დღის განმავლობაში და რამდენად თანმიმდევრულად უკავშირდება ერთმანეთს მისი სხვადასხვა ნაწილი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა უფრო გააზრებულ და კომპლექსურ დაგეგმვაზე.
რა სიახლეები აქვს Incendio Events-ს 2026 წლის პირველ ნახევარში, ხომ არ დაემატა ახალი სერვისები, პროექტები ან მიმართულებები და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი წლის მეორე ნახევარში?
2026 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ჩვენთვის JARDIN D’INCENDIO-ს შექმნაა - ახალი ფლორისტიკული ბრენდის, რომელიც INCENDIO EVENTS-ის გამოცდილებაზე შეიქმნა, თუმცა დამოუკიდებელი იდენტობითა და განვითარების ხედვით წარდგება.

JARDIN D’INCENDIO-ს შექმნის იდეა თავიდანვე სცდებოდა მხოლოდ ყვავილების შეთავაზებას. ჩვენი მიზანია ფლორისტიკას მივუდგეთ როგორც დიზაინის დამოუკიდებელ მიმართულებას, სადაც თითოეული თაიგული თუ კომპოზიცია კონკრეტული კონცეფციისა და ინდივიდუალური ხედვის საფუძველზე იქმნება.
ბრენდის ძირითადი მიმართულებები იქნება პრემიუმ კლასის საქორწილო თაიგულები, ექსკლუზიური ყვავილების კომპოზიციები და ღონისძიებების ფლორისტიკული დიზაინი, ეს იქნება ფლორისტული ატელიე.
ჩვენი მიზანია, თითოეული თაიგული კონკრეტული ადამიანის სტილისა და სურვილების გათვალისწინებით შეიქმნას და არა უბრალოდ ღონისძიების აქსესუარი, არამედ საერთო ვიზუალური კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.
ბრენდის პირველი მიმართულება Eternal Bloom Collection იქნება. კოლექციის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ მნიშვნელოვან მომენტებთან დაკავშირებულ ყვავილებს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია არ აქვს და ისინი ხშირად კონკრეტული დღის ემოციასა და მოგონებასთან ასოცირდება.
JARDIN-ის შექმნა INCENDIO EVENTS -ისთვის სტრატეგიული ნაბიჯიცაა. ფლორისტიკა ჩვენი ღონისძიებების დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია და ახალი ბრენდის შექმნით ამ კომპეტენციას დამოუკიდებელ ბიზნესმიმართულებად ვავითარებთ. ამავდროულად, JARDIN D’INCENDIO-ი დამოუკიდებლადაც მოემსახურება მომხმარებელს, რომელსაც სრული ღონისძიების ორგანიზება არ სჭირდება და კონკრეტული ფლორისტიკული პროდუქტის ან დიზაინის შექმნა სურს.

წლის მეორე ნახევარში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ JARDIN D’INCENDIO-ს ოფიციალური წარდგენა, პირველი კოლექციების განვითარება და სხვადასხვა მასშტაბის ფლორისტიკულ პროექტებზე მუშაობა იქნება.
პარალელურად, ვაგრძელებთ INCENDIO EVENTS -ის საკუთარი ინვენტარის, კონსტრუქციებისა და დიზაინ-რესურსების გაფართოებას, რაც უფრო მრავალფეროვანი და ტექნიკურად კომპლექსური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.
რა გეგმები აქვს კომპანიას 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, რა იქნება მთავარი პრიორიტეტები და რამდენად აქტუალურია ახალი ღონისძიებების სივრცის გახსნის გეგმა?
2026 წლის მეორე ნახევარში რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს. პირველ რიგში, გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ INCENDIO EVENTS -ის პოზიციონირება Event Planning & Design მიმართულებით და გავზარდოთ იმ პროექტების წილი, რომლებშიც ღონისძიების შექმნის პროცესში დაგეგმვის საწყისი ეტაპიდანვე ვართ ჩართული.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა JARDIN D’INCENDIO-ს განვითარება და ფლორისტიკის დამოუკიდებელ ბიზნესმიმართულებად ჩამოყალიბება.
პარალელურად, ვაგრძელებთ საკუთარი რესურსების ზრდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის რეალიზებისას ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ბაზარზე არსებულ სტანდარტულ გადაწყვეტილებებზე და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული კონცეფციისთვის შევძლოთ ინდივიდუალური კონსტრუქციის, დეკორატიული ელემენტის ან ფლორისტიკული გადაწყვეტის შექმნა.
რაც შეეხება INCENDIO EVENTS -ის საკუთარ ღონისძიებების სივრცეს, ეს გეგმა კვლავ აქტუალურია და პროექტზე მუშაობა გრძელდება.
ჩვენი მიზანი თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ კიდევ ერთი გასაქირავებელი ღონისძიებების სივრცის შექმნა. გვინდა შევქმნათ ადგილი, რომელსაც ექნება საკუთარი იდენტობა და ამავდროულად იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ტრანსფორმირებადი, რათა სხვადასხვა ფორმატისა და კონცეფციის ღონისძიებისთვის სრულიად განსხვავებული გარემოს შექმნა იყოს შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც სივრცის კონცეფციაზე, ისე მის ფუნქციურ და ბიზნესმოდელზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო პროექტი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული, არამედ გრძელვადიანად მდგრადი და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე ადაპტირებადი.

საბოლოოდ, ჩვენი განვითარების ხედვა მხოლოდ ღონისძიებების რაოდენობის ზრდას არ უკავშირდება. ჩვენი მიზანია, INCENDIO EVENTS -ის გარშემო ეტაპობრივად განვითარდეს ერთმანეთთან დაკავშირებული მიმართულებები.
JARDIN D’INCENDIO ამ განვითარების პირველი დამოუკიდებელი ახალი მიმართულებაა, ხოლო წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა უკვე დაწყებული პროექტების გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება იქნება.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ სოციალურ არხებში:
IG: https://www.instagram.com/incendio_events/
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61574947478335
TikTok: https://www.tiktok.com/@incendio.events
YouTube: https://www.youtube.com/@IncendioEvents
LinkedIn: https://lnkd.in/djAMsNGH
ან შემდეგ საკონტაქტო ნომერზე : 598 00 60 12.
სხვა სიახლეები
„ჩვენთან“ ბავშვებისთვის სოფლის ტურიზმის სივრცეს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას
26.10.2026.14:00
„ჩვენთან“ ბავშვებისთვის სოფლის ტურიზმის მიმართულებით შემეცნებით და გასართობ გამოცდილებას ქმნის. ექვსი წლის წინ დაარსებული საოჯახო ბიზნესი სტუმრებს მეფუტკრეობის გაცნობას, აგროშემეცნებით აქტივობებსა და მასტერკლასებს სთავაზობს. კომპანია მომსახურების განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს, მათ შორის ახალი შენობის აშენებასა და კონტაქტური ზოოპარკის მოწყობას.
კომპანიის შექმნის ისტორიაზე, საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი, ქეთი დვალი ესაუბრა.

როგორ შეიქმნა თქვენი ბიზნესი და რა იყო იდეა, რომელსაც ექვსი წლის წინ საფუძველი ჩაუყარეთ?
მე და ჩემმა მეუღლემ ბიზნესი ექვსი წლის წინ დავაარსეთ, როდესაც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრება დავასრულეთ და სოფელში გადმოვედით. უკვე მეექვსე წელია, რაც აგროტურიზმის მიმართულებით ვმუშაობთ და სტუმრებს სხვადასხვა აგროშემეცნებით მასტერკლასსა და აქტივობას ვთავაზობთ. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება მეფუტკრეობაა.
ფუტკარი მანამდეც გვყავდა, თუმცა თბილისიდან სოფელში პერიოდულად სიარულის პირობებში მათი სრულფასოვანი მოვლა და ამ საქმის განვითარება გვიჭირდა. მეფუტკრეობა უფრო ჰობის დონეზე გვქონდა. სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კი გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი საქმიანობა, რომელიც ერთდროულად მოგვცემდა შემოსავალს და ჩვენი ინტერესებისა და გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობას.
პროფესიით მეღვინე ვარ და თავდაპირველად ამ მიმართულებით საქმიანობასაც განვიხილავდით, თუმცა ბაზარზე ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არაერთი კომპანია უკვე ოპერირებდა. მეფუტკრეობა კი იმ პერიოდში ნაკლებად განვითარებული მიმართულება იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი მომსახურების კუთხით. ამასთან, ჩემს მეუღლეს ფუტკართან მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი კურსებიც გავლილი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სწორედ ამ სფეროსთვის მოგვეხმარებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქმიანობას მხოლოდ შემოსავლის მიღების მიზანი არ ჰქონოდა და უფრო დიდი საქმისთვისაც გვეხელმძღვანელა. ორივეს გვჯერა, რომ ნებისმიერი საქმიანობა მატერიალური კეთილდღეობის გარდა, საზოგადოებისთვის ღირებულის შექმნასაც უნდა ემსახურებოდეს. ძალიან გვიყვარს ბავშვები - თავად ექვსი შვილი გვყავს და სწორედ ასე დავაკავშირეთ ერთმანეთთან ჩვენი გამოცდილება, მეფუტკრეობის ცოდნა და ბავშვების სიყვარული. შედეგად შეიქმნა სივრცე, სადაც ბავშვებს ფუტკრისა და სოფლის ცხოვრების შესახებ სწავლა, ბუნებასთან დაახლოება და დროის საინტერესოდ გატარება შეუძლიათ.
როდესაც ეს იდეა განვახორციელეთ, მსგავსი ტიპის მომსახურება პრაქტიკულად არ არსებობდა. ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი სივრცეები და სოფლის გარემოში ორგანიზებული აქტივობები ძალიან შეზღუდული იყო. ჩვენ პირველი წლის განმავლობაში სხვადასხვა მომსახურება გამოვცადეთ: ვმასპინძლობდით დაბადების დღეებს, ჯვრისწერის ცერემონიებსა და სხვა ღონისძიებებს, სივრცეს კი თემატურად ვაფორმებდით. თუმცა მალევე მივხვდით, რომ სოფელში გაცილებით მეტი პოტენციალი არსებობდა და შეგვეძლო, უფრო გამორჩეული საქმიანობა განგვევითარებინა.
ჩვენი სამიზნე აუდიტორია ბავშვებია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუღვივოთ სოფლის ცხოვრების, ბუნებისა და, განსაკუთრებით, მეფუტკრეობის მიმართ ინტერესი. მიგვაჩნია, რომ ამ დარგის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქართულ ფუტკარსა და თაფლს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ამ ტიპის მომსახურებაზე წლების განმავლობაში და რა როლი აქვს კონკურენციას თქვენი საქმიანობის განვითარებაში?
როდესაც ექვსი წლის წინ საქმიანობა დავიწყეთ, მსგავსი ტიპის მომსახურება თითქმის არ არსებობდა. შესაბამისად, პირველივე წელს მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა COVID-19-ის პანდემიამაც, რადგან ადამიანებმა ღია სივრცეებისა და ბუნებაში დროის გატარების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეს.
თავიდანვე აქტიურად ვიყენებდით სოციალურ ქსელებს. შევქმენით Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები, მოგვიანებით კი TikTok-იც დავამატეთ. ყოველდღიურად ვუზიარებდით აუდიტორიას ჩვენი საქმიანობის პროცესს, სოფელში ცხოვრების გამოცდილებასა და იმ გზას, რომელიც ბიზნესის შექმნიდან გავიარეთ. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ შეზღუდული საწყისი კაპიტალის პირობებშიც შესაძლებელია იდეის განხორციელება, თუ მას შრომასა და მონდომებას მიუძღვნი.
სოციალურმა ქსელებმა მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობაც მოგვცა. ადამიანები ხშირად ისე მოდიან ჩვენთან, თითქოს უკვე პირადად გვიცნობენ, რადგან სოციალურ ქსელებში ჩვენს ყოველდღიურობას ადევნებენ თვალს. ადგილზე სტუმრებს გულწრფელად ვუზიარებთ როგორც წარმატების გამოცდილებას, ისე სირთულეებს, რომლებიც სოფელში ცხოვრებასა და ბიზნესის მართვას ახლავს თან. ვფიქრობ, ამ ღიაობამ მომხმარებლებთან თბილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
დღეს მსგავსი სივრცეები უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება, მათ შორის კახეთში, ქართლსა და სამეგრელოში. მეფუტკრეებმაც დაიწყეს სტუმრებისა და ბავშვთა ჯგუფების მიღება. მიმაჩნია, რომ ეს მთლიანად დარგისთვის დადებითი ცვლილებაა, რადგან ჩვენი მიზანიც თავიდანვე მეფუტკრეობის პოპულარიზაცია იყო. რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ სფეროთი, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის.
კონკურენციის ზრდა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ის გვაიძულებს, უფრო ყურადღებით შევაფასოთ ჩვენი მომსახურება, განვვითარდეთ და მომხმარებლებს ყოველწლიურად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ერთჯერად ვიზიტზე არ იყოს გათვლილი. გვინდა, სტუმრები კვლავ დაბრუნდნენ და ყოველ ჯერზე გაუმჯობესებული მომსახურება, განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი აქტივობები დახვდეთ.
რა სიახლეები დაამატეთ შეთავაზებებს და როგორ მოერგეთ მომხმარებელთა განსხვავებულ საჭიროებებს?
ჩვენი საქმიანობა მუდმივი განვითარების პროცესშია. თავიდან სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ვცდიდით, შემდეგ კი მომხმარებელთა ინტერესებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით ეტაპობრივად დავხვეწეთ შეთავაზებები. დღეს ჩვენი პროგრამები აერთიანებს როგორც შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს.
წელს ეზოში ახალი გასართობი სივრცე მოვაწყვეთ და ზიპლაინი დავამატეთ. ბავშვებს სტუმრობისას მისი გამოყენება შეუძლიათ, ხოლო პროგრამის ღირებულებაში ორი დაშვება შედის. ამ სიახლემ ჩვენი სივრცე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების სამუშაოების დიდ ნაწილს თავად ვასრულებთ, რაც ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას გვაძლევს.

მომხმარებელთა საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად მომსახურების სხვადასხვა ფორმატიც შევიმუშავეთ. დღეს გვაქვს ორი ძირითადი შეთავაზება: ორსაათიანი შემეცნებითი ტური და ოთხსაათიანი პროგრამა, რომელიც შემეცნებასა და გართობას აერთიანებს. პირველი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სკოლებისთვის, რომლებსაც სასწავლო პროცესში მოკლე შემეცნებითი ვიზიტის ჩართვა სურთ, მეორე კი იმ სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აინტერესებთ.
ასევე გავითვალისწინეთ მომხმარებელთა განსხვავებული ბიუჯეტი და ორი საფასო კატეგორიის შეთავაზება დავიწყეთ. გვინდა, ჩვენს სივრცეში სტუმრობა სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ოჯახებისა და სასკოლო ჯგუფებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან მომხმარებლებს არჩევანის მეტი შესაძლებლობა მიეცათ.

შემეცნებითი პროგრამა რამდენიმე აქტივობას აერთიანებს. ბავშვები იღებენ ინფორმაციას ფუტკრისა და მეფუტკრეობის შესახებ, ათვალიერებენ სკებს, ეცნობიან მეფუტკრის აღჭურვილობას და სპეციალურ ფორმებსაც ირგებენ. მათ შეუძლიათ თაფლის დაწურვის პროცესის გაცნობა და ფუტკრის მიკროსკოპით დათვალიერებაც. პროგრამის ბოლოს ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ და თაფლსაც ვჩუქნით.
გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ სხვადასხვა მასტერკლასს, მათ შორის ჩურჩხელების ამოვლებას. ეზოში მოწყობილია გასართობი ზონებიც, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ზიპლაინით სარგებლობა, მაგიდის ჩოგბურთის თამაში, ქვიშის სივრცეში გართობა, ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში.
ჩვენი მიზანია, სტუმრები არამხოლოდ სასიამოვნოდ გატარებული დროით, არამედ ახალი ცოდნითა და ბუნების მიმართ გაღვივებული ინტერესით წავიდნენ. გვინდა, ბავშვებმა უკეთ გაიცნონ სოფელი, ფუტკარი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ხოლო მშობლებმა დაინახონ, რამდენი საინტერესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი სოფლის გარემოში.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და როგორ აპირებთ სივრცის განვითარებას?
ჩვენი მიზანია, საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოოთ და სეზონურობაც ნაწილობრივ შევამციროთ. ხშირად გვთხოვენ ზამთრის პერიოდშიც მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, თუმცა არსებული სივრცე ამის შესაძლებლობას სრულად არ გვაძლევს. ამიტომ მომდევნო სეზონისთვის ცალკე შენობის აშენებას ვგეგმავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, სტუმრებს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვუმასპინძლოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეგმაა კონტაქტური ზოოპარკის მოწყობა. გვინდა, სივრცეში რამდენიმე სახეობის ცხოველი და ფრინველი გვყავდეს და მათთვის შესაბამისი გარემო შევქმნათ. განვიხილავთ, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშის ქათმისა და იხვების განთავსებას, ასევე პატარა ბოსტნის მოწყობას, სადაც ბავშვები ბოსტნეულსა და მცენარეებს უშუალოდ გაეცნობიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა მხოლოდ მზა პროდუქტი კი არ ნახონ, არამედ თავად პროცესიც გაიაზრონ - როგორ იზრდება ბოსტნეული, როგორ გამოიყურება სხვადასხვა მცენარე, როგორ ცხოვრობენ ცხოველები და საიდან მოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული პროდუქტები. ვფიქრობთ, ასეთი გარემო სოფლის შესახებ ცოდნას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და ბავშვებს ბუნებასთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.
დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა გვესმის, რომ ყველაფრის ერთდროულად განხორციელება შეუძლებელია. მე და ჩემი მეუღლე ბიზნესს თავად ვმართავთ და პარალელურად ექვს შვილს ვზრდით, ამიტომ განვითარებას ეტაპობრივად ვცდილობთ. ჩვენი უპირატესობა ისიცაა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვადასხვა სამუშაოს დიდ ნაწილს საკუთარი ძალებით ვასრულებთ. ეს ფინანსების დაზოგვაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, რესურსები ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ.
გვინდა, ყოველწლიურად შევქმნათ ახალი შეთავაზებები, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და სტუმრებს დაბრუნების დამატებითი მიზეზი მივცეთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი გამოცდილება სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ და სოფელში ცხოვრების მსურველებს ვაჩვენოთ, რომ ამ გზაზე სირთულეებთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობებიც არსებობს.
გვჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომითა და თანმიმდევრული განვითარებით შესაძლებელია ისეთი საქმის შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა. სწორედ ამ პრინციპით ვაგრძელებთ მუშაობას და ვგეგმავთ ჩვენი სივრცის კიდევ უფრო განვითარებას.