ინოვაციების საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებს ახალისებს, რადგან სახელმწიფო აძლევს მათ შესაძლებლობას, საწყის კაპიტალთან ჰქონდეთ წვდომა - ავთანდილ კასრაძე
GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძე განცხადებით, რეგიონებისთვის განკუთვნილი ინოვაციების საგრანტო პროგრამა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგებს იძლევა. მისი თქმით, სამეგრელოში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკვე მიმდინარეობს განაცხადების მიღება, ხოლო საუკეთესო ინოვაციური იდეების ავტორები 25 000-ლარიან დაფინანსებას მიიღებენ საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად.
„ჩვენ უკვე წლებია ვაკვირდებით, თუ რამხელა ტრანსფორმაცია განახორციელა ამ საგრანტო პროგრამამ რეგიონებში. ჩვენ რამდენიმე წლის წინ სწორედ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგიონებისთვის ცალკე კონკურსები გამოგვეცხადებინა. ამჟამად მიმდინარეობს საგრანტო განაცხადების მიღება სამეგრელოში, სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში და მხოლოდ ამ რეგიონის მოსახლეობისთვის არის ეს კონკურსი. კონკურენციაში ისინი ერთმანეთთან არ შედიან, მხოლოდ თავიანთ რეგიონში ინოვაციური იდეების წახალისებას ეხება. წელს უკვე გვქონდა აჭარა, გურია, იმერეთი და აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოვდივართ, მთელი წლის განმავლობაში ეს კონკურსები არის ჩაშლილი რეგიონების მიხედვით. ჩვენ ჩავდივართ ყველა რეგიონში, ჩაგვაქვს წამყვანი ტექნოლოგიური ცოდნა, მენტორობა, ვუტარებთ ტრენინგებს და, ამასთან ერთად, საუკეთესო იდეების მქონე თითოეულ პროექტს 25 000 ლარის ოდენობით საგრანტო რესურსსაც ვაძლევთ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ახალისებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ახალგაზრდების ჩართულობას. ისინი უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, თუ რა ახალი ბიზნესი შეიძლება დაიწყონ, რადგან სახელმწიფო აძლევს მათ შესაძლებლობას, საწყის კაპიტალთან ჰქონდეთ წვდომა. ამ საგრანტო პროგრამის წარმატებას ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ, მათ შორის კონკრეტულ ციფრებშიც. ვხედავთ, რომ ამ პროექტებმა შემდგომი ინვესტიციებიც მოიზიდეს მათ მოიგეს უფრო დიდი, ეროვნული მასშტაბის საგრანტო პროგრამები, აღმოჩნდნენ წამყვან აქსელერატორებში. რეგიონების ჩართულობა ამ პროცესში შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ამ ინიციატივის გარეშე, რომელიც თავიდან შეიძლება სოციალურ პროექტად აღქმულიყო, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მას ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი რეგიონების განვითარებაში, უმნიშვნელოვანესი შედეგი მოაქვს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის
11.06.2026.15:32
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი - თბილისი - ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.